ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს და მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში, კანდიდატების შერჩევის პროცესის მიმართ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციის ფარგლებში, პირველად ირჩევს ახალ მოსამართლეებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს არჩევისთვის სახელმძღვანელო კრიტერიუმები და კონკურსში მონაწილე მოქმედ მოსამართლეებს, ყოფილ მოსამართლებს, რეზერვის მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს შორის მისაღები გადაწყვეტილება კანდიდატების გამოცდილებას, პროფესიულ ღირსებას და პიროვნულ თავისუფლებას შორის გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევანმა ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების რეალურ დამოუკიდებლობას და საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ 34 სასამართლოში გამოცხადებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი 36 ახალი მოსამართლე, თვისობრივად შეცვლის საქმისწარმოების ხარისხს და აამაღლებს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილს 93 კანდიდატი გამოთქვამს, მათ შორის: 12 მოქმედი მოსამართლე, 56 ყოფილი მოსამართლე, რეზერვის 4 მოსამართლე და 21 იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი გამოთქვამს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არჩევანის პროცესში საზოგადოებრივი ინტერესითაც უნდა იხელმძღვანელოს და მოქმედი მოსამართლეების შეფასების დროს, მათი გადაწყვეტილებების სამართლიანობის საკითხიც უნდა დადგეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ამ მიმართულებით, ყურადღებას დაუთმობს ცნობილ საქმეებში გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს. კერძოდ:
- ზვიად ესებუას, რომლიც განიხილავდა პოლიტპატიმრების ვახტანგ მაისაიას, გია სალუქვაძისა და ზაქარია ზურაშვილის საქმეებს. ისინი მხოლოდ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ.
- კობა გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებები დაუკავშირა პოლიტიკას და ქართული სასამართლოს ისტორიაში, პირველმა შეძლო, 126–მილიონიანი ჯარიმის დაკისრება ბიძინა ივანიშვილისთვის, ხოლო 17 მილიონამდე ლარი – კახი კალაძისთვის, როდესაც ისინი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.
- ანჟელი ხუროძეს, რომელმაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი უფროსის, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის ყოფილი დირექტორების შეთანხმებული მოქმედებით, თანამდებობიდან გათავისუფლებული ირაკლი ქველაძის საქმეზე.
- ქეთევან ლუაშვილს, რომლის ერთ–ერთ გადაწყვეტილებას, დღემდე მხარე უკანონოს უწოდებს და საქმეზე დამდგარ შედეგს – „უვადო პატიმრობას“ აპროტესტებს.
- ირმა პერანიძეს, რომელის გადაწყვეტილებაც, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს, პრიორიტეტი მიენიჭოს რეზერვის მოსამართლეებს, ვინაიდან რეზერვის მოსამართლის ინსტიტუტი, სადღეისოდ, დაკნინებულია. მნიშვნელოვანია, შეფასდეს ყოფილი მოსამართლეების კომპეტენციაც და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა გამოცდილება.
ცნობისთვის: 2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.