„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

28 მაისი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება 27 მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და მისივე  თქმით, თავდასხმის მოტივი სწორედ მისი საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა იყო. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის უცნობმა პირებმა გიორგი მგელაძემ და რეზო თაბუკაშვილმა განუცხადეს, რომ არ მოსწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა, რის შემდეგაც მასზე განახორციელეს ძალადობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაუშვებლად მივიჩნევთ, მსგავსი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას და სახელმწიფოს დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. მომხდარი ფაქტი დადებითად ვერ აისახება საქართველოს საგარეო იმიჯზე და მიმდინარე თვითმმართელობის არჩევნების წინა პროცესში, ნეგატიურ განწყობებს აჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში რეალურად განხორციელდეს, მაგრამ დაუშვებელია ძალადობრივი გზით, ნებისმიერი ქმედება, სამართლიანობის აღგენის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

ორგანიზაცია ასევე ეხმაურება, გიორგი მგელაძისა და რეზო თაბუკაშვილის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლების ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ განვმარტავთ, რომ გიორგი მგელაძესა და რეზო თაბუკაშვილს ბრალი, ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარედგინებათ. შესაბამისად, ინციდენტში მონაწილე პირების ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ აღმკვეთი ღონისძიების განხილვა არ მოხდება.

აღმკვეთი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, „ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებენ, რომ შესაბამისი ორგანოები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, ბრალდებულ პირებს ადეკვატურ  პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ძალადობრივი ფორმით საკუთარი პროტესტისა და ამა თუ იმ პარტიისადმი დამოკიდებულების გამოხატვისგან. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიებისკენ ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ რეჟისორი გიო მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი – უმცროსი. ზურაბ ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

 

 



კომენტარები