მთავრობამ ს.ს. „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა

24 ივნისი, 2014

საქართველოს მთავრობის იურიდიულმა სამსახურმა სახელმწიფოსა და ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა. მთავრობის იურიდიულმა დეპარტამენტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა დააკმაყოფილა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის თუ რომელი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე ახორციელებს ს.ს. „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს მოქალაქეების მიმართ პენსიის დარიგებისა და სხვადასხვა სახელმწიფო დახმარებების გაცემას. ორგანიზაციამ მიიღო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის #1051 განკარგულება, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური აწერს, რითაც დამტკიცდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმება მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით (2009 წლის 7 ივლისის #8/პ და 2010 წლის 9 მარტის #2/პ) გათვალისწინებული სასყიდლიანი საბანკო მომსახურების 2012 წლის 1 ივლისიდან შეწყვეტის შესახებ და მის ნაცვლად იმავე მომსახურების უსასყიდლოდ განხორციელების თაობაზე. მთავრობის ამავე დადგენილებით გადაწყდა, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა აღარ საჭიროებდა საქართველოს მთავრობის დამატებით თანხმობას და ასეთი ცვლილებების განხორციელებისთვის, მხოლოდ მხარეთა შეთანხმება იქნებოდა საკმარისი გარემოება. საქართველოს მთავრობა ს.ს. „ლიბერთი ბანკთან“ დადებულ ხელშეკრულების მიმართ ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებდა, თუკი სახეზე დადგება ხელშეკრულების ვადამდე მოშლა ან ბანკის მიმართ საჯარიმო სანქციის შემთხვევა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი ამჟამად საქართველოს მთავრობის მხრიდან გასაჯაროვებული დოკუმენტის სამართლებრივ ანალიზზე მუშაობს, რომელიც საზოგადოებისთვის, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის 21 მაისს, ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევისა და მომხმარებელთა ინტერესების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო, საჯარო განცხადება გაავრცელეს, რითაც „ლიბერთი ბანკის“ საქმეზე მასშტაბური სამართალწარმოებისა  და სამოქალაქო კამპანიის დაწყების შესახებ პირობა დადეს.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, დღეს ქართულ საბაზრო სისტემაში, „ლიბერთი ბანკის“ დომინანტური მდგომარეობა ღია მონოპოლიაა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა. შესაძლებელია, ბანკი, მოცემულ პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავდეს, ვინაიდან მისი ყოფილი გენერალური დირექტორი  და დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ყოფილი მთავრობის მინისტრი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერია სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ს.ს. „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით, სახელმწიფომ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც სხვა კომერციული ბანკები არატანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიბერთი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საგანგებო განცხადებას გააკეთებს, რომელიც შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობას გადაეგზვანება. 



კომენტარები