27 ივნისს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სილქნეტის“ საქმეზე იმსჯელებს

24 ივნისი, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივრის განხილვას იწყებს. ორგანიზაციამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2014 წლის 14 აპრილს მიმართა და კომპანია სახელშეკრულებო ურთიერთობების უხეშ დარღვევაში ამხილა. საქმეში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველიც ჩაერთო. კომუნიკაციის ეროვნულ კომპანიაში „სილქნეტის“ საქმეზე პირველი სხდომა 27 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ არსებიბს საკმარისი მტკიცებულებები, რათა სათანადო ნებისა და ობიექტური განხილვის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ს.ს. „სილქნეტის“ მხრიდან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებლობა და ხელშეკრულების დარღვევა დაინახოს.

საუბარია კომპანიასთან გაფორმებულ 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. კერძოდ, ს.ს. „სილქნეტს“, ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა #7–ში უნდა უზრუნველეყო ინტერნეტის მიწოდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან, 6 თვის განმავლობაში, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშემკვრელი მხარისთვის ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი შეუფერხებელი მიწოდება. პრობლემამ სისტემური დარღვევის სახე მიიღო, რაც  კომპანიამ გამოხმაურების გარეშე დატოვა. ს.ს. „სილქნეტმა“, 6 თვის მანძილზე, ცხელი ხაზზე დატოვებული შეტყობინებების მიმართ სრული უყურადღებობა და დაუდევრობა გამოიჩინა.

ორგანიზაციამ 2013 წლის 13 დეკემბერს ს.ს. „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორ ლევან ბუჩუკურს ღია წერილით მიმართა და ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. კომპანიამ სწორედ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრალური ოფისიდან, საავარიო ადგილას სპეციალური ჯგუფი მოევლინა, ხოლო 2014 წლის თებერვლის წერილში, ინტერნეტთან წვდომის აღდგენის ფაქტის საპასუხოდ განმარტა, რომ „2013 წლის დეკემბრის თვეში, კომპანიის მიერ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 10.12.2013–ში შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, 18.12.2013–ში და 19.12.2013–ში შეიცვალა მოდემი“, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, რომელმაც ინტერნეტით მომსახურებისთვის, 6 თვის მანძილზე, 1500–ზე მეტი ლარი გადაიხადეს, კომპანიისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღეს, 2013 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, რა ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, რამ განაპირობა ხარვეზის წარმოქმნა და შეიძლებოდა თუ არა პრობლემების დროული აღმოფხვრა. მეტიც, კომპანიამ უარი განაცხადა იმ სატელეფონო ზარების მიწოდებაზეც, რომელიც ორგანიზაციიდან ცხელ ხაზზე ფიქსირდებოდა, 2014 წლის 19 მარტის წერილით კი, ს.ს. „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა ნუგზარ ჩინჩალაძემ, ხელშემკრელ მხარეს მოუწოდა, „თავი შეეკავებინა შემდგომი პერმანენტული და არაფრისმთქმელი მიმოწერისგან.“ (სტილი დაცულია)

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ს.ს. „სილქნეტის“ მოქმედებები კანონდარღევითი ხასიათისაა და პასუხისმგებლიანი კომპანიის მხრიდან მიუღებელია წერილებში გამოხატული აბონენტის მიმართ დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი ტონიც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც კომპანიასთან მიმოწერის ყველა დოკუმენტი გადაეცა, ს.ს. „სილქნეტთან“ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

 



კომენტარები