პროკურატურა „აგვისტოს 5 დღის“ საქმეზე მოკვლევას განაგრძობს

24 ივნისი, 2014

საქართველოს მთავარი პროკურატურა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარს განიხილავს, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ მომზადდა. საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის – „უცნობი მილიონი ლარი“ შედეგად გამოვლენილ გარემოებას, რომლის თანახმადაც, 2011 წლის ივნისში, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდგომ გამართულ საქველმოქმედო ვახშმზე  შემოსული მილიონი ლარის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების მიმართ გადაცემის ფაქტი არ დასტურდება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას 2014 წლის 19 მაისს მიმართეს, მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხრიდან მონიტორინგით გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით, განმარტებები, დათქმულ დროის მონაკვეთში არ გაკეთდა. ამჟამად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი, მამუკა ფარულავა განიხილავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის შედეგად, არ დადასტურდა საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორისა და მასპინძელის – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც, მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების სრული სია შეადგინეს. სიაში, სულ 400–მდე ოჯახი აღმოჩნდა, რომელთაგან თითოეული, ერთჯერადად, 2500 ლარს მიიღებდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და საქველმოქმედო ღონისძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა და დახმარების ფაქტი არ დადასტურდა შემდეგი სამინისტროების – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, კომუნიკაცია აწარმოა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც მიუთითებს, რომ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიიღეს აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა ოჯახების საკონტაქტო მონაცემები, საქველმოქმედო ვახშამის ფარგლებში შეგროვებული თანხით დაიფარა ღონისძიების ორგანიზების ხარჯები და ერთი მილიონი ლარი სრულად განაწილდა ომში დაღუპულთა ოჯახებზე და მათ კუთვნილი თანხები ჩაერიცხათ საბანკო ანგარიშებზე. ორგანიზაცია გაუმჭვირვალეს უწოდებს პროცესს, რა დროსაც, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ერთი მილიონი ლარი, თანასწორუფლებიანად უნდა გადაეცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოთხასამდე ოჯახისთვის. შესაბამისად, უცნობია, რეალურად რომელმა და რამდენმა ოჯახმა მიიღო დახმარება, რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული, ვინ იყო პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი და რატომ არსებობს საქართველოს სამინისტროებსა და ბიზნეს ასოციაციას შორის საკითხთან დაკავშირებით, შეუსაბამო შეფასებები. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივის ნაცვლად, ხელისუფლების ღონისძიება გახლდათ, საიდანაც შემოსული თანხა, ადგილნაცვალი პირების დახმარების მაგივრად, საღამოს საორგანიზაციო საკითხებს, მთლიანობაში კი ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესებს მოხმარდა.  



კომენტარები