თამარ ჩერგოლეიშვილის სამართლებრივი პოზიცია დავას პრეცედენტულს ხდის

24 ივნისი, 2014

“ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელეზე, დავის ფარგლებში, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის პირველი ოფიციალური პოზიცია ცნობილი გახდა. 2014 წლის 20 ივნისს, ჟურნალ/ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შესაგებელი სარჩელი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას არ აპირებს. მოპასუხე მხარე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს შეეხება და იგი საჯარო დისკუსიის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული

„მოპასუხის მხრიდან სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერით გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს თამარ ჩერგოლეიშვილის სუბიექტურ დამოკიდებულებას, აზრს, მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ, არცერთ შემთხვევაში არ შეიცავს მტკიცების კომპონენტს "ახალგაზრდა ადვოკატებს" და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შორის არსებულ ფაქტობრივ კავშირებზე, შეუძლებელია მათი უარყოფა ან დადასტურება და ამდენად, მათი (განცხადებების) შეფასება ცილისწამებად, მოსარჩელის მხრიდან დაშვებული არსებითი სახის შეცდომაა. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ მოპასუხის მხრიდან, განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მოქცეული საკითხის ირგვლივ დებატის დროს გაკეთდა, ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი" პუნქტით განსაზღვრულ საჯარო პირს, რაც მოსარჩელეს თმენის მეტ ვალდებულებას აკისრებს. თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ორგანიზაცია წარმოადგენდა „ქართული ოცნების აქტივისტების ახალგაზრდა ჯგუფს" წარმოადგენს მოპასუხის წმინდა სუბიექტურ დამოკიდებულაბას ახალგაზრდა ადვოკატების მიმართ და არ შეიძლება იქნეს უარყოფილი ან დადასტურებული.“ – ნათქვამია თამარ ჩერგოლეიშვილის სასარჩელო პოზიციაში.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დასაბუთება კი მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხემ უნდა მოახდინოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, ვინაიდან მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები არ ყოფილა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება. ეს იყო პირისთვის განზრახ ზიანის მიმყენებელი და მისი სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელება. მოპასუხე ყველა თავის განცხადებას საზოგადოებას სთავაზობდა მტკიცებით ფორმაში. ყველა განცხადების ინტერესი გახლდათ, საზოგადოების დეორიენტირება ორგანიზაციის მიმართ და ხაზგასმა, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" "ქართული ოცნების" აქტივისტებს წარმოადგენდა. მოპასუხის განცხადებების მტკიცებით ფორმას ადასტურებს გამოქვეყნებული ფოტომასალაც, სადაც ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოსგან მოითხოვენ, რათა თამარ ჩერგოლეიშვილს, დაეკისროს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, კერძოდ:

  • ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერით, გადაცემა "კურიერში", 2014 წლის 5 თებერვალს, 21:23 წუთიდან გასულ სიჟეტში მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: "რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება, წამოწყებული ქართული ოცნების აქტივისტების, იგივე "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ..." მოპასუხემ, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერითვე, გადაცემა "კურიერში", უარყოს ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.
  • 2014 წლის 30 იანვარს, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილმა უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადება: "დაფრთხდნენ ოცნების აქტივისტები..." მოპასუხემ უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

ცნობისთვის:  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, სარჩელი 7 მიასს შეიტანეს. თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“ – მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს. ორგანიზაციის ინტერესებს, სასამართლო სხდომაზე, სადამფუძნებლო საბჭო დაიცავს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და სამოქალაქო დავას მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს. 



კომენტარები