ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ახალი აქტია

26 ივნისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მნიშვნელობის მიმართ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რამდენადაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, რეალობა ხდება კონსტიტუციით განმტკიცებული ქართველი ხალხის არჩევანის დეკლარირება – დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და სამართლებრივი სახელმწიფო, ეკონომიკური თავისუფლება, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან და ევროპულ ინტეგრაციასთან კავშირის გარეშე, წარმოუდგენელია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის ნინო ისაკაძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ახალი აქტია, ვინაიდან 2014 წლის 27 ივნისიდან, საქართველოში თანდათანობით უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. ქვეყანა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საზოგადოებისთვის ქმნის ახალ სამართლებრივ სივრცეს და შესაძლებლობას, რომელმაც უნდა განამტკიცოს დემოკრატია და უფლებათა დაცვის გარანტიები საქართველოში, ქვეყანა, ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ ღირებულებებით და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების შემდგომი მდგრადობისა და განვითარებისთვის, მაღალი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ქვეყნის აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს ჯეროვნად და საზოგადოებისთვის ხელშესახები აღმოჩნდეს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატების სიკეთეები. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, მთავრობას, პარლამენტს და სასამართლოს მოუწოდებს:

  1. დაიწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა, გაძლიერდეს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი რეფორმების გზით, მყარი გახდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მმართველობის სისტემამ უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა და არჩევითი დემოკრატიის მიმართ ერთგულება
  2. პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, უზრუნველყოფილ იქნეს ხალხის რეალური თანამონაწილეობა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს საზოგადოების პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის პროცესშიც და გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი დემოკრატიული რეფორმების პროცესში.
  3. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, მნიშვნელოვანია სწრაფი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში აუცილებელ რეფორმებს დააჩქარებს.
  4. საქართველოს პარლამენტმა, გონივრულ ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ეროვნული სამართლებრივი სივრცის ახალ, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
  5. საქართველოს სასამართლო სისტემა უნდა გახდეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შემომტანი, სადაც მხარეთა თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა იქნება პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური ნების მართლზომიერების შემოწმება და რეალური არბიტრის როლის შესრულება.

მიგვაჩნია, რომ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური დოკუმენტია, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. ორგანიზაცია, მთელ ამ პროცესში, საკუთარ წვლილს შეიტანს სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის მიმართულებით. სამართლის ჯგუფი უკვე მუშაობს შეთანხმებით ნაკისრი მიმართულებების შესრულების მონიტორინგის გეგმაზეც, რომელიც, კონკრეტულად მოიცავს დასაქმების, სატრანსპორტო პოლიტიკის, გარემოს, კონკურენციის, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების ექსპერტიზას. ახალგაზრდებში, საქართველოს ევროპული არჩევანის ინფორმირების მიზნით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებენ საგრანტო პროექტსაც: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“. 



კომენტარები