კომისიამ ს.ს. „სილქნეტის“ წინააღმდეგ საქმე დასაშვებად სცნო

27 ივნისი, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიაკციშვილის საჩივრის საქმისწარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ გაიზიარა სამართლებრივი დეპარტამენტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის დასაბუთება საჩვრის დასაშვებობისა და საქმისწარმოებაში მიღების თაობაზე. კომისიამ არ გაიზიარა ს.ს. „სილქნეტის“ კანონიერი ინტერესების დამცველთა პოზიცია. შესაბამისად, კომისიამ მისაღებად ცნო წარდგენილი დასაბუთება კომპანიის მხრიდან არჩილ კაიკაციშვილთან სახელშეკრულებო ურთიერთობების შესაძლო დარღვევის შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე, ცნობილი გახდა არჩილ კაიკაციშვილის გადაწყვეტილების თაობაზეც. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლმა და ხელმძღვანელმა უარი განაცხადა ს.ს. „სილქნეტთან“ მორიგების შესაძლებლობაზე. მისივე თქმით, კომპანიის კანონიერი ინტერესების დამცველებმა და კომპანიის არაერთმა უფლებამოსილმა პირმა, საქმეში არაერთი მცდარი და ყალბი დასაბუთება წარმოადგინა, რითაც კიდევ უფრო მეტად ილახება მომხმარებლის უფლება. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ მიმართვა, აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯია, ვინაიდან ს.ს. „სილქნეტმა“ იდენტური შეცდომები აღარ დაუშვას სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში. კომისიის მიმართ არსებობს კანონიერი ნდობა, ვინაიდან პირველი სხდომა პასუხობდა საქმისადმი სამართლიანი მიდგომის პრინციპებსა და გარემოებას.

დავა ეხება კომპანიასთან გაფორმებულ 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. კერძოდ, ს.ს. „სილქნეტს“, ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა #7–ში უნდა უზრუნველეყო ინტერნეტის მიწოდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან, 6 თვის განმავლობაში, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშემკვრელი მხარისთვის ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი შეუფერხებელი მიწოდება. პრობლემამ სისტემური დარღვევის სახე მიიღო, რაც  კომპანიამ გამოხმაურების გარეშე დატოვა. ს.ს. „სილქნეტმა“, 6 თვის მანძილზე, ცხელი ხაზზე დატოვებული შეტყობინებების მიმართ სრული უყურადღებობა და დაუდევრობა გამოიჩინა.

ორგანიზაციამ 2013 წლის 13 დეკემბერს ს.ს. „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორ ლევან ბუჩუკურს ღია წერილით მიმართა და ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. კომპანიამ სწორედ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრალური ოფისიდან, საავარიო ადგილას სპეციალური ჯგუფი მოევლინა, ხოლო 2014 წლის თებერვლის წერილში, ინტერნეტთან წვდომის აღდგენის ფაქტის საპასუხოდ განმარტა, რომ „2013 წლის დეკემბრის თვეში, კომპანიის მიერ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 10.12.2013–ში შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, 18.12.2013–ში და 19.12.2013–ში შეიცვალა მოდემი“, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, რომელმაც ინტერნეტით მომსახურებისთვის, 6 თვის მანძილზე, 1500–ზე მეტი ლარი გადაიხადეს, კომპანიისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღეს, 2013 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, რა ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, რამ განაპირობა ხარვეზის წარმოქმნა და შეიძლებოდა თუ არა პრობლემების დროული აღმოფხვრა. მეტიც, კომპანიამ უარი განაცხადა იმ სატელეფონო ზარების მიწოდებაზეც, რომელიც ორგანიზაციიდან ცხელ ხაზზე ფიქსირდებოდა, 2014 წლის 19 მარტის წერილით კი, ს.ს. „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა ნუგზარ ჩინჩალაძემ, ხელშემკრელ მხარეს მოუწოდა, „თავი შეეკავებინა შემდგომი პერმანენტული და არაფრისმთქმელი მიმოწერისგან.“ (სტილი დაცულია)

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ს.ს. „სილქნეტის“ მოქმედებები კანონდარღევითი ხასიათისაა და პასუხისმგებლიანი კომპანიის მხრიდან მიუღებელია წერილებში გამოხატული აბონენტის მიმართ დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი ტონიც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც კომპანიასთან მიმოწერის ყველა დოკუმენტი გადაეცა, ს.ს. „სილქნეტთან“ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

საქმეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიაში არსებითი განხილვა 2014 წლის 15 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

 



კომენტარები