ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სასჯელის შეკრებითობის პრინციპის ინიციატივას მისაღებად მიიჩნევს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინადადებით მიმართავს, ახალი რეგულაციების შემთხვევაში, ყურადღება დაეთმოს ისეთ საკითხებს, რომელიც შეკრებითობის პრინციპის პრაქტიკაში გამოყენების უარყოფით შედეგებს გამორიცხავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივამ ზუსტი რეგულაცია უნდა შექმნას, რომლიც დაადგენს აუცილებელ კრიტერიუმებს სამოსამართლო უფლებამოსილებისთვის. კერძოდ, მკაფიო უნდა გახდეს, მოსამართლემ რა გარემოებების დროს უნდა გამოიყენოს სასჯელის შთანთქმის თუ ნაწილობრივ ან მთლიანად სასჯელის შეკრების პრინციპი. მნიშვნელოვანია, მოხდეს დიფერენცირებული მიდგომა დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით, ვინაიდან სასჯელთა შთანთქმის თუ შეკრებითობის გამოყენება, მხოლოდ მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილება არ შეიძლება იყოს.
ორგანიზაციის შეფასებით, ახალი ინიციატივის განხილვის პროცესში, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
- წარმოდგენილი ინიციატივა მოსამართლის უფლებამოსილებას უპირობოდ ზრდის, ხოლო სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის მყარი იმისთვის, რომ კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილებების დროს, მთლიანად გამოირიცხოს შერჩევითი მართლსაჯულების პრეცედენტები.
- ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთების პროცესში, ყურადღება უნდა დაეთმოს „სასჯელის უპირობო შეკრებიდან“ „სასჯელის უპირობო შთანთქმის“ პრინციპამდე გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს და პრაქტიკულ სირთულეებს, ვინაიდან მიღებულმა ცვლილებებმა არ გამოიწვიოს, არც დანაშაულის წახალისება და არც ჩადენილი ქმედობისთვის ნაკლები პასუხისმგებლონა შესაძლო სასჯელის მიზღვის სახით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იზიარებს პოზიციას, რომლის თანახმადაც, სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპი ისევე ნაკლოვანია, როგორც სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი, რადგან არც ასეთ შემთხვევაში ხდება საბოლოო სასჯელის დანიშვნა საქმის კონკრეტული გარემოებებიდან, დამნაშავის პიროვნებიდან და ჩადენილ ქმედებათა საშიშროებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპმა შეიძლება უბიძგოს პირს, ერთ დანაშაულთან ერთად, ჩაიდინოს ორი, სამი ან მეტი დანაშაული, ვინაიდან მას ეცოდინება, რომ ფაქტობრივად, დაისჯება მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, რადგან ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველთვის შთანთქავს სხვა დანაშაულებისათვის დანიშნულ სასჯელს. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია, აღდგენილ იქნეს ალტერნატიული მიდგომა და სასჯელთა შეკრების შემთხვევაშიც კი, დადგენილ იქნეს საბოლოო სასჯელის ზედა ზღვარი.
ცნობისთვის: 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ყველა შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდებოდა სასჯელების მთლიანად შეკრება. ცვლილებებმა ქვეყანაში საფუძველი დაუდო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას, რომელიც „ნულოვანი ტოლერანტობის“ სახელით დარჩა ცნობილი. 2013 წელს, უპირობო შეკრებითობის პრინციპი ნაწილობრივ გააუქმა პრიორიტეტი მიანიჭა სასჯელთა შთანთქმის ახალ რეგულაციებს. 2014 წლის ივლისში, ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც: „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ ან იგივე ზომის სასჯელს ან სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შემთხვევაში, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელისა და მისი ნახევრის ჯამს“.