პრემიერი ნეთბუქების შეძენის ტენდერის საქმით უნდა დაინტერესდეს

15 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე ტენდერში წარმოშობილი სირთულეები და გონივრულ ვადაში მოხდეს კონტრაქტორი კომპანიის დასახელება, რომელიც საგანმანათლებლო სკოლის პირველკლასელების ნეთბუქით უზრუნველყოფას შეძლებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ჯაბა სირაბიძის განცხადებით, ობიექტურად უნდა შეფასდეს ტენდერთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, ვინაიდან მომავალში გამოირიცხოს ისეთი მოულოდნელობები, რომელიც გავლენას იქონიებს საგანმანათლებლო სფეროს მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია, დადგინდეს და შეფასდეს სამინისტროს მხრიდან გამოცხადებული ტენდერის ხარვეზით დასრულების მიზეზები, გამოვლინდეს პასუხისმგებელი წრე და შეცდომები, რომელმაც გამოწვევის წინაშე დააყენა მთავრობა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი მზადყოფნა უნდა გამოევლინა და მყარი ყოფილიყო ტენდერის რისკ–ფაქტორების დანახვა. საკამათოა სატენდერო პირობა, რომლის თანახმადაც, ნეთბუქის შემსრულებელ კომპანიას პროდუქტის წარმოების 10–წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასეთი პირობა, მოცემული ტენდერის პირობებში, პირველი შემთხვევა და სიახლე აღმოჩნდა, საქართველოს ბაზარზე კი, ასეთი გამოცდილების მქონე კომპანიები, ჯერ–ჯერობით, არ არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია მკაფიო გახდეს, თუ რატომ იღებდნენ ტენდერში მონაწილეობას შემდეგი ქართული კომპანიები– „ალგორითმი“ და „იუ ჯი თი“, თუკი ისინი შემოთავაზებულ საკონკურსო კრიტერიუმებს, ვერ აკმაყოფილებდნენ, ხოლო თუკი ქართული კომპანიების ტენდერში მონაწილოება მათი უცხოეული პარტნიორების ფაქტორით გადაწყდა, რატომ არ მოხდა ტენდერის განხორციელება.

ორგანიზაციის შეფასებით, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ტენდერში დაწესებულიყო გარკვეული სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კონკურსში მონაწილეობას მიიღებდა, როგორც გამოცდილი, ასევე ახალი საწარმოებიც. ამასთან, თუკი სატენდერო პირობად დასახელებულ იქნა გამოცდილების 10–წლიანი პერიოდი, სამინისტროს უნდა განეხილა ტენდერში უცხოეთში რეგისტრირებული ასეთი გამოცდილების მქონე კომპანიების ჩართულობის საკითხიც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მთავრობის მხრიდან სასწავლო წლის დაწყებამდე 4 თვით ადრე ტენდერის გამოცხადება საკმარისი პერიოდი იყო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის, თუმცა არ მომხდარა იმ გარემოების მკაფიოდ გათვალისწინება, ტენდერის ჩავარდნის შემთხვევაში, რა გეგმის მიხედვით იმოქმედებდა სამინისტრო. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობას მართებს პასუხიმგებლობა, მიიღოს საკითხთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილებები. ამიტომაც, ორგანიზაცია გამართლებულად მიიჩნევს 46 000 ცალი ნეთბუქების შეძენას პირდაპირი შესყიდვის გზით.

ცნობისთვის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწავლო პორტაბელური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი 2014 წლის 14 მაისს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება შეადგენს 20 500 000 ლარს, თუმცა ივლისის თვეში ცბობილი გახდა, რომ ტენდერში მონაწილე გამარჯვებულ კომპანია „იუ ჯი თი“–ს გააჩნდა ხარვეზი, რომლის გამოც, შეუძლებელი ხდებოდა ტენდერის არსებული ფორმით შენარჩუნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან დაკავშირებით, მეტი სიცხადისთვის, კითხვით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საკითხით უშუალოდ დაინტერესდება საქართველოს პრემიერ–მინისტრი.



კომენტარები