„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხანგრძლივი სივრცის ყოფილი ოპერატორის, ირაკლი ქველაძის საქმის განხილვას განახლდა. 2014 წლის 16 ივლისის სხდომაზე სასამართლომ ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი მტკიცებულებების, მათ შორის სააპელაციო სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების მნიშვნელობაზე იმსჯელა. სააპელაციო პალატამ ირაკლი ქველაძის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ დოკუმენტაციის წარდგენა, მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოზე გააჩნდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი მხარის დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, წარდგენილი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების შემდგომ გაჩნდა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხონ დავით ა–ს და თეონა გ. ცნობისთვის: პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, ასევე დააკმაყოფილა, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მათი დაკითხვა არ მომხდარა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ქველაძის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული წარდგენილი მტკიცებულებები და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსამართლე ანჟელი ხუროძემ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ირაკლი ქველაძის მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მხოლოდ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა ვადიანი ხელშეკრულება. ირაკლი ქველაძე თანამდებობიდან, განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, გაანთავისუფლა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლომ ყურადღება არ დაუთმო გარემოებას, რა დროსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, უკლებლივ ყველა დასაქმებულთან, გარდა ირაკლი ქველაძისა, რომლსაც უფლებამოსილება 2013 წლის 31 იანვარს შეუჩერდა. ამას წინ უძღვოდა შემთხვევა, როდესაც ირაკლი ქველაძემ 2012 წლის ნოემბერში, ორგანიზება გაუწია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ღია წერილის მომზადებას მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრის მოთხოვნით. შეხვედრაზე, რომელიც 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა, ირაკლი ქველაძემ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომლების სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის, შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შვებულებების აკრძალვის, უქმე დღეებისა და შესვენების პერიოდში დაწესებული გრაფიკის გამოუყენებლობის შესახებ. ირაკლი ქველაძემ, ასევე მინისტრს გადასცა ოფიციალური დოკუმენტაცია იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისა და ხელფასების შესახებ და მიუთითა, რომ ამ თვალსაზრისითაც, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უთანასწორი დამოკიდებულება არსებობდა.
ირაკლი ქველაძის მხრიდან ხელმძღვანელობის მხილებას, იუსტიციის სახლის ყოფილ აღმასრულებელი დირექტორ ნინო ჩიჩუას, თბილისის იუსტიციის სახლის ყოფილ დირექტორ გივი ჭანუყვაძისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ყოფილ ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილის მხრიდან რეპრესიული ქმედებების განხორციელება მოჰყვა. ირაკლი ქველაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კადრებმა, ასეთი საქციელი სუბორდინაციის დარღვევად და „დანის ზურგში ჩარტყმად“ ჩაუთვალეს. დასაქმებულის სამუშაო მაგიდასთან დაიწყო თვალთვალი და თანამშრომლების დაკითხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყურადღება არც 2013 წლის 23 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მიაქცია, რითაც ირაკლი ქველაძის მიმართ მომსახურების სტადარტების დარღვევის ბრალდება არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ქველაძესთან, 2013 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი ქველაძე გათავისუფლებას თავის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, გამოხატვის თავისუფლებას და იუსტიციის სახლის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხილებას უკავშირებს. საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია მტკიცების მაღალი ვარაუდი, ნინო ჩიჩუას, ლევან სამადაშვილისა და გივი ჭანუყვაძის წამყვანი თანამდებობიდან გათავისუფლება, მინისტრმა დაუკავშირა თუ არა უწყებაში მის გათავისუფლების საკითხს.
საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე, თეა ძიმისტარაშვილი და ქეთევან კუჭავა იხილავენ. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი საქმისწარმოებაში 2014 წლის 16 ივლისიდან ჩაერთო. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინტერესებს წარმოადგენს მარიამ ცხოვრებაშვილი, იუსტიციის სახლის ინტერესებს კი თიკა ნებიერიძე, რომელიც პროცესს, ასევე 17 ივლისიდან შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 16 ივლისის სხდომაზე, სასამართლომ მხარეებს მორიგების შესაძლებლობის გამოყენება კიდევ ერთხელ შესთავაზა, ხოლო აპელანტმა მხარემ, მორიგების მიმართ მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა და მიუთითა, რომ თუკი დავა მორიგებით დასრულდება, მხოლოდ ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე დაყრდნობით: აღდგეს სამსახურში, ტოლფასს ან იმავე თანამდებობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი ქველაძის საქმეზე ადვოკატირებას 2013 წლის თებერვლიდან ახორციელებენ. საქმეზე სხდომა 2014 წლის 25 სექტემბერს, 11:00 საათზე განახლდება.