საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ, 2014 წლის 17 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის ზეპირი მოსმენა გამართა. სხდომაზე ცნობილი გახდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მიმართ, რომლის თანახმადაც, დადასტურებულია ს.ს. „სილქნეტის“ მხრიდან არჩილ კაიკაციშვილთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების დარღვევა. სხდომაზე საკუთარი პოზიცია გამოხატეს მოდავე მხარეებმა. კომისიამ არჩილ კაიკაციშვილსა და ს.ს. „სილქნეტს“ დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა. საქმეზე მორიგების შესაძლებლობა არჩილ კაიკაციშვილმა გამორიცხა და მიუთითა, რომ დავას პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია. მხარესთან მორიგების შესაძლებლობა არ გამორიცხა კომპანიის კანონიერი ინტერესების დამცველმა მაია გონაშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის პოზიციით, კომპანიის კანონიერი ინტერესების დამცველებმა და კომპანიის არაერთმა უფლებამოსილმა პირმა, საქმეში არაერთი მცდარი და ყალბი დასაბუთება წარმოადგინა, რითაც კიდევ უფრო მეტად ილახება მომხმარებლის უფლება. არჩილ კაიკაციშვილმა, 2014 წლის 17 ივლისის სხდომაზეც, კომპანიის წარმომადგენლებს საკითხის სუბიექტური მსჯელობისგან თავშეკავება სთხოვა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ დავის განხმილველი კომისიის მიმართ, მოცემულ ეტაპზე, არსებობს კანონიერი ნდობა, თუმცა კომპანიის მხრიდან იკვეთება ღია მცდელობები, დავის შინაარს სხვა მიმართულება მისცეს და კომისია შეცდომაში შეიყვანოს. „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ მიმართვა, აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯია, ვინაიდან ს.ს. „სილქნეტმა“ იდენტური შეცდომები აღარ დაუშვას სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში. კომისიის მიმართ არსებობს კანონიერი ნდობა, ვინაიდან პირველი სხდომა პასუხობდა საქმისადმი სამართლიანი მიდგომის პრინციპებსა და გარემოებას, რომლის შედეგადაც, კომისიამ საქმე დასაშვებად სცნო.“– განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
დავა ეხება კომპანიასთან გაფორმებულ 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. კერძოდ, ს.ს. „სილქნეტს“, ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა #7–ში უნდა უზრუნველეყო ინტერნეტის მიწოდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან, 6 თვის განმავლობაში, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშემკვრელი მხარისთვის ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი შეუფერხებელი მიწოდება. პრობლემამ სისტემური დარღვევის სახე მიიღო, რაც კომპანიამ გამოხმაურების გარეშე დატოვა. ს.ს. „სილქნეტმა“, 6 თვის მანძილზე, ცხელი ხაზზე დატოვებული შეტყობინებების მიმართ სრული უყურადღებობა და დაუდევრობა გამოიჩინა.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა 2013 წლის 13 დეკემბერს ს.ს. „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორ ლევან ბუჩუკურს ღია წერილით მიმართა და ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. კომპანიამ სწორედ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრალური ოფისიდან, საავარიო ადგილას სპეციალური ჯგუფი მოევლინა, ხოლო 2014 წლის თებერვლის წერილში, ინტერნეტთან წვდომის აღდგენის ფაქტის საპასუხოდ განმარტა, რომ „2013 წლის დეკემბრის თვეში, კომპანიის მიერ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 10.12.2013–ში შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, 18.12.2013–ში და 19.12.2013–ში შეიცვალა მოდემი“, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, რომელმაც ინტერნეტით მომსახურებისთვის, 6 თვის მანძილზე, 1500–ზე მეტი ლარი გადაიხადეს, კომპანიისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღეს, 2013 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, რა ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, რამ განაპირობა ხარვეზის წარმოქმნა და შეიძლებოდა თუ არა პრობლემების დროული აღმოფხვრა. მეტიც, კომპანიამ უარი განაცხადა იმ სატელეფონო ზარების მიწოდებაზეც, რომელიც ცხელ ხაზზე ფიქსირდებოდა, 2014 წლის 19 მარტის წერილით კი, ს.ს. „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა ნუგზარ ჩინჩალაძემ, ხელშემკრელ მხარეს მოუწოდა, „თავი შეეკავებინა შემდგომი პერმანენტული და არაფრისმთქმელი მიმოწერისგან.“ (სტილი დაცულია)
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, ს.ს. „სილქნეტის“ მოქმედებები კანონდარღევითი ხასიათისაა და პასუხისმგებლიანი კომპანიის მხრიდან მიუღებელია წერილებში გამოხატული აბონენტის მიმართ დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი ტონიც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც კომპანიასთან მიმოწერის ყველა დოკუმენტი გადაეცა, ს.ს. „სილქნეტთან“ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.
საქმეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიაში არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 2014 წლის 24 ივლისს, 16:00 საათზე მოხდება.