„ახალგაზრდა ადვოკატები” მოსამართლეების საქმეებიდან ჩამოცილებას უარყოფითად აფასებს

18 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რათა სათანადოდ შეფასდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა შემადგენლობის დადგენა მოხდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახლედიანის მიერ 2014 წლის 1 ივლისს მიღებული ორი ბრძანება „საქმეთა კატეგორიების მიხედვით სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა შემადგენლობის დადგენის შესახებ“ და „საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის დადგენის შესახებ“, ნაწილობრივ საკამათოა, ვინაიდან იქნება მაღალი რისკი, განხილვის პროცესში არსებული საქმეები იმ მაღალი სამოსამართლო შინაგანი რწმენით არ დასაბუთდეს, რომელიც მოსამართლეს საქმის განხილვის ყველა სტადიაზე, მხარეთა შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების აღნიშნვით, ექმნება. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, პრობლემას უქმნის მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული დავების უმეტესობას, 2014 წლის 1 ივლისიდან, საქმეთა კატეგორიების მიხედვით, სხვა მოსამართლები განიხილავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილების დროს, გასათვალისწინებელი გარემოებები უნდა ყოფილიყო მხარეთა ინტერესი, კანონიერი ნდობა საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ და მოსამართლის შინაგანი რწმენის საკითხი. ბევრი საქმე უკვე განხილვის ბოლო სტადიაზეა ან/და ახლა მიმდინარეობს მხარეთათვის მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილებით კი, პროცესის მონაწილე მხარეები, იძულებულია, ახალი ძალისხმევა მოანდომონ საქმის განმხილველ ახალ მოსამართლეებთან დავის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წარმოჩენას და დასაბუთებას. ფაქტობრივად, მიღებული გადაწყვეტილებით, მოსამართლეების განსახილველი საქმეებიდან ჩამოცილება მოხდა, რამაც გამოიწვია საქმეზე სხდომების თუ გადაწყვეტილებების გამოტანის/გამართვის ვადების გადაწევა. მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ განხორციელებული ცვლილების შესახებ, პროცესის მონაწილე მხარეებთან, დროულად არ უზრუნველყო ჯეროვანი კომუნიკაცია. მეტიც, სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებები თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე 2014 წლის 17 ივლისს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რა დროსაც ორგანიზაციამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით შეცვლილი მოსამართლეების თაობაზე შეტყობინება მიიღო, დაინტერესდა საკითხით და აწამოა კომუნიკაცია სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში, მოსამართლეთა მიერ კატეგორიების მიხედვით საქმეთა განხილვა, წინააღმდეგობაში არ მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებებს უნდა გაეთვალისწინებინა აუცილებელი დათქმა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებს, მათ წარმოებაში არსებული დავები უნდა დაესრულებინათ და არ უნდა მომხდარიყო საქმეების სხვა მოსამართლეებისთვის გადაცემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხი შესწავლილ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, შეჩერდეს მოსამართლეების მიმდინარე საქმეებიდან ჩამოცილების პროცესი და მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისის შემდგომ რეგისტრირებული საქმეების განხილვა მოხდეს ვიწრო სპეციალიზაციით, კატეგორიების მიხედვით. 



კომენტარები