ცსკო–ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად გადადგა

14 აგვისტო, 2013

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის გადადგომა პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შედეგია და საპარლამენტო ოპოზიციის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომი შედეგების პროგნოზირებაზე მიანიშნებს. ორგანიზაციის შეფასებით, ზურაბ ხარატიშვილმა, გადადგომით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც, შესაძლებელია, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

გადადგომის გადაწყვეტილება, პრობლემების წინაშე აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეფექტურ მუშაობას და ერთიანობაში, შესაძლებელია, გამოიწვიოს საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომაც, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საპრეზიდენტო პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველია, რადგანაც უცნობია, ვის წარადგენს პრეზიდენტი ცსკო–ს ახალ თავმჯდომარედ, რამდენად მისაღები იქნება დასახელებული კანდიდატები საზოგადოებისთვის, ვინ აირჩევს თავმჯდომარეს – საარჩევნო კომისია თუ პარლამენტი, რამდენად იქნება შენარჩუნებული საარჩევნო სტაბილურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის საკითხი.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, საზოგადოება ვერ გაამართლებს ვერავითარ პოზიციას, რომელიც გადადგომის მიზეზებად შეიძლება დასახელდეს. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგია და არა პასუხისმგებლობისგან გაქცევის, რადგანაც თუკი ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, იგი გადაწყვეტილებას საარჩევნო პროცესის დაწყებამდე მაინც მიიღებდა.

მიღებული გადაწყვეტილება არ ხასიათდება მაღალი სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობით და საარჩევნო ადმინისტრაცია ჩიხში შეყავს. დღეს არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ცანტრალურ საარჩევნო კომისიას, ახალ თავმჯდომარედ შესთავაზოს ისეთი კანდიდატურა, რომლის მიმართაც, საზოგადოებას არ ექნება საკმარისი ნდობა და ვერ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანი შედეგები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რათა ცესკო–ს ახალი თავმჯდომარის წარდგენა მოხდეს სამოქალაქო სექტორთან ფართო კონსულტაციის შედეგად, გადამწყვეტია, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ჩაერთოს ცესკოს ახალი თავმჯდომარის წარდგენის პროცესში, რათა მომავალი - 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ, არსებობდეს სრულფასოვანი ნდობა.

ცნობისთვის: ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ. თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.



კომენტარები