„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის მიმდინარეობაში, თანამონაწილეობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც მიიღებს. როგორც ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება იურიდიული დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი ოლივერ რეისნერი და მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ კონფერენციებში, რომელიც პროექტის დასასრულს გაიმართება. ამასთან, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა გამოთქვამს მზადყოფნას, მხარდაჭერა გამოუცხადოს კონკურსს, რომელიც პროექტის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია და დააჯილდოვოს მასში გამარჯვებული ავტორები.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრის ფარგლებში, პროექტ: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“, პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. ორგანიზაციამ ახალგაზრდებს შესთავაზა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებისა და საქართელოს ევროპული არჩევანის ისტორიის, შესაძლებლობებისა და მოლოდინების შესახებ. შეხვედრაზე მოხდა სპეციალური გაზეთის „საქართველო ევროკავშირის გზაზე“ პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. ამასთან, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის თანახმადაც, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და 25 წლამდე მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ ანალიტიკური ნაშრომები თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, წარმოდგენილი საკონკურსო თემები გადაეგზავნება საკონკურსო კომისიას, გამოვლინდებიან გამარჯვებული და წარმატებული ავტორები, ხოლო სექტემბერში მოხდება მათი დაჯილდოვება, ახალგაზრდა ავტორების წარმოდგენილი თემების კრებულის სახით გამოცემა და დასკვნითი კონფერენცია.
პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსენტრებმა. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია, ამ პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემის დაძლევისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. პროექტი 5 მაისს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება, საკონკურსო ნაშრომების მიღება კი, 15 აგვისტომდეა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, 1 ივლისს, ახალციხეში მომზადდა, 3 ივლისს კი – მარნეულის მუნიციპალიტეტში. პროექტის მეორე ეტაპი, მთლიანად დაეთმობა საკონკურსო კომისიის მუშაობას, საკონკურსო ნაშრომების მიღებას და შეფასებას, ნაშრომების ბეჭდვას, ადგილობრივი კონფერენციების მომზადებას და გამარჯვებულების დაჯილდოვებას. პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.