ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კანონში: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ წარდგენილი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას და სახელმწიფოს მხრიდან ახალი საემიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით რეფორმას დადებითად აფასებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ლევან ბერაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ სავიზო რეჟიმის ახალი რეგულაციები შემოიტანოს, რომლითაც გამკაცრდება დღემდე არსებული მდგომარეობა. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს უცხოელების საქართველოში ყოფნისთვის დამატებითი დოკუმენტების წამროდგენას, ქვეყანაში ყოფნის ახალ ვადებსა და დეპორტაციის წესის განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში, 2013 წლის თებერვლიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ, დღის წესრიგში დგება საემიგრაციო პოლიტიკის შექმნა. ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების რეალურ იმპლემენტაციასაც იწყებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ახალი საემიგრაციო პოლიტიკის შექმნის პროცესში, ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაჩქარებისკენ მოუწოდებს:
- დაჩქარდეს მიგრაციის სამსახურის შექმნის პროცესი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი და უფლებამოსილი ახალი საემიგრაციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
- მომზადდეს სრულყოფილი სტატისტიკური ბაზა, რომელიც ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა ზუსტ მონაცემს უზრუნვეყოფს და სახელმწიფოს სფეროს ეფექტურ მმართვაში დაეხმარება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობის პროცესსაც ეხმაურება და ფაქტს, ახალი სავიზო რეჟიმის პროცესში, რეფორმის მნიშვნელოვან მხარეს უწოდებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მარტო ერთი ქვეყნიდან, ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგისას, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში უცხო ქვეყნიდამ 7 ათასზე მეტი პირის შემოსვლა დაფიქსირდა, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ. შესაბამისად, გამკაცრებული დეპორტირების სისტემა და ზოგიერთ ქვეყანასთან ახალი სავიზო რეჟიმის შემოღება, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს აღარ იყოს არალეგალთა სატრანზიტო ქვეყანა და მეტი გარანტიები შეიქმნას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, 77 ქვეყანაზე მეტს შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა. ასევე, საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც გამარტივებული წესით იღებენ ვიზას, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობენ საქართველოს ვიზას. სწორედ ქვეყნის ახალი საემიგრაციო პოლიტიკა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვიდან გამომდინარეც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, როდესაც ქვეყანაში შემომავალი უცხოელთა ნაკადის უფლებები კანონის დონეზე იქნება დარეგულირებული. არალეგალ მიგრანტა დეპორტაციასაც კანონი დაარეგულირებს. მიგვაჩნია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც სწორედ საკითხის ეფექტურ სამართლებრივ გადაწყვეტას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო აიღო ვალდებულება, რეფორმის პროცესში, უზრუნველყოს ოთხი ძირითადი პრინციპის განხორციელება: დოკუმენტური უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.