საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანის“ ავტორისა და წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარს 2014 წლის 26 ივლისს, 15:00 საათზე განიხილავს. ამის შესახებ ორგანიზაციას ეთიკის ქარტიიდან აცნობეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, ღია ეთერში გაკეთებული განცხადებისა და გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უხეშად დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1–ელი მუხლი, რომლის თანახმადაც: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, ქარტიის მე–3 მუხლი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ და ქარტიის მე–5 მუხლი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“
ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, საკითხთან/მსჯელობასთან დაკავშირებით მიეღო ზუსტი ინფორმაცია, რომელიც იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით ან/და სანდო წყაროზე დაყრდნობით. ჟურნალისტი იყო ვალდებული, საზოგადოებისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოქმედებების/საქმიანობის შესახებ მიეწოდებინა მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარი ინფორმაცია, რომელთა წყაროც იქნებოდა დადასტურებული, ხოლო მედია, მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ვალდებული იყო, შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. ტელეკომპანიამ ორგანიზაციის 2014 წლის 10 აპრილის წერილს იგნორირება გაუკეთა და დასაქმებული ჟურნალისტის განზრახ შეცდომას გამოსწორებით არ უპასუხა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, საავტორო გადაცემის პირველ სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს დროს, იმის წარმოსაჩენად, რომ მინისტრის მიმართ, ხელისუფლების ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ანტაგონისტურ კამპანიას და ამ პროცესში, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტის მხრიდან „ახალგაზრდა ადვოკატები“ დასახელდა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალში. მეტიც, ჟურნალისტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაავრცელა ფაქტის შემცვლელი ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია მოქმედებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „ქოლგის ქვეშ“, თუმცა ჟურნალისტს, აღნიშნული აზრის/განცხადების დასასაბუთებლად, არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გიორგი გაბუნიას მიმართ საჩივრით 2014 წლის 2 მაისს მიმართეს.