მესამე სარჩელი გაანთლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის მიმართ

22 ივლისი, 2014

ბათუმის საქალაქო სასამართლო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაციისთვის, ეს არის პირველი სარჩელი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დასაბუთდა.

საქმე ეხება სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორ დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს, პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებული მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის საკითხს. მოსარჩელე მოითხოვს შრომის ანაზღაურებას იძულებითი განაცდურის დროს. მოპასუხე ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა სარჩელი არ სცნო, თუმცა დავაზე მორიგების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 სექტებრამდე. შრომითი ხელშეკრულება მოიშალა ვადამდე ადრე, 2012 წლის 19 ივნისს, რასაც საფუძვლად დაედო თამარ კაიკაციშვილის იძულება – პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა თანამდებობა. საკასაციო სასამართლომ, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მკაფიოდ და ცალსახად მიუთითა, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება მოხდა მისი ნებისგან დამოუკიდებლად, ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოშლა არ გახლდათ მხოლოდ ორმხრივი ნების შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებითაც: „თამარ კაიკაციშვილის მიერ საკუთარ მოვალეობათა შეუსრულებლობა განაპირობა დირექტორის მხრიდან თანამდებობის დატოვების მოთხოვნამ“. შესაბამისად, თამარ კაიკაციშვილმა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდგომ, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა და მიუთითა, რომ არა კოლეჯის დირექტორის მხრიდან თანამდებობის დატოვების მოთხოვნა/იძულება, შრომითი ხელშეკრულება, ავტომატურად გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა 2012 წლის 1 სექტემბერს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მესამე სარჩელს განიხილავს:

  1. 2013 წლის 13 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, დავა მორიგების საფუძველზე შეწყვიტა, რომლის საფუძველზეც, სასწავლებლის დირექტორმა წერილობითი ფორმით უარყო ყოფილი მოადგილის მიმართ 2012 წლის 11 ივლისის ადმინისტრაციულ თათბირზე მიღებულ სხდომის ოქმში თამარ კაიკაციშვილის პიროვნული და პროფესიული ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება.
  2. 2012 წლის 9 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს #2–381/2012 გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის #2/ბ–13–13– გადაწყვეტილებითა და 2014 წლის 20 თებერვლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას–45–518–2013–ის გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი კოლეჯის დირექტორის 2012 წლის 18 და 19 ივნისს მიღებული #34 და #36 ბრძანებები თამარ კაიკაციშვილის ჯერ გაფრთხილებისა, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო ინსტანციამ კოლეჯის სარჩელი 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით, (#545–518–2013) დაუშვებლობის გამო, განუხილველი დატოვა. კოლეჯმა სასამართლოს აღსრულება იძულების წესით მოახდინა.
  3. 2014 წლის 27 მაისს, თამარ კაიკაციშვილმა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის მიმართ ახალი სარჩელი შეიტანა და იძულებითი განაცდურის დროს, შრომის ანაზღაურება მოითხოვა. სასწავლებელმა მოთხოვას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სცნობდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ საქმეს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე განიხილავს. თამარ კაიკაციშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ჯუმბერ სირაბიძე წარმოადგენს. სხდომა 2014 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

 



კომენტარები