ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეკომენდაციით მიმართავს და ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვარის დადგენას სთავაზობს, რომელიც შესაძლებლობას გააჩენს, შეიზუდოს ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობა, კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე ფარულმა შეთანხმებებმა არ დააზარალოს მომხმარებლის უფლებები და მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, იაფი ინტერნეტ–პაკეტის მიმართ, გააჩდეს არჩევანის თავისუფლება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნინო ისაკაძის განცხადებით, საფუძვლიანად იქნა შესწავლილი დღესდღეობით, ბაზარზე წარმოდგენილი ინტერნეტ პროვაიდერების საქმიანობა, შემოთავაზებული სატარიფო პოლიტიკა და მომხმარებელთა წინაშე მდგარი ძირითადი საკითხები. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, არსებობს ინტერნეტ პროვაიდერების მიმართ დაფიქსირებული მომსახურების ხარისხით თუ შეთავაზებული სერვისით მომეტებული უკმაყოფილება და საჩივრები. მათი ძირითადი ნაწილი ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ზრდას და მომსახურების ხარისხს ეხება. წარმოდგენილი საჩივრები, სიმრავლის მიხედვით, მხოლოდ ორი კომპანიის ს.ს. „სილქნეტისა“ და ს.ს. „კავკასუს ონლაინის“ მიმართ არსებობს. ორგანიზაციის კიდევ ერთმა მონიტორინგმაც ცხადყო, რომ მხოლოდ ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ, 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საერთო სასამართლოებში, ამჟამად 7 სამოქალაქო საქმეა წარმოებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის თანახმად, 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში, სულ 126 აქტიური ინტერნეტ პროვაიდერია, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი საქართველოში, თბილისის ჩათვლით, ძირითადად, შემდეგ პროვაიდერებზე: „კავკასუს ონლაინი“ (42.9148%), „სილქნეტი“ (31.1657%), „მაგთიკომი“ (7.0508%), „ახალი ქსელები“ (5.5134%), „საქართველოს ცენტრალური კავშირგამბულობის კორპორაცია“ (3.3545%), „ახტელი“ (2.2693%), „ვიტალ ჯორჯია“ (1.1304%) და „ა–ნეტს“ (0.6056%) შორის ნაწილდება. ამასთან, ორი კომპანია – ს.ს. „სილქნეტი“ და ს.ს. „კავკასუს ონლაინი“ ბაზრის ლიდერია თბილისშიც. აბონენტების მიხედვით, „სილქნეტის“ საცალო ხვედრითი წილი შეადგენს 26% პროცენტს, ხოლო „კავკასუს ონლაინის“ წილი 66% პროცენტს აღემატება. შემდგომ პოზიციებზეა: „ახტელი“ და „ახალი ქსელები“. სხვა ინტერნეტ პროვაიდერების საქმიანობას ბაზრის მცირე სეგმენტი უჭირავთ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაკვირვებით, ს.ს. „სილქნეტსა“ და „კავკასუს ონლაინის“ ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად მონოპოლიზებული მდგომარეობა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ. საკითხის ანალიზი ცხადყოფს, რომ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ტარიფების პერმანენტული ზრდის პირობებში, არ არსებობს შეღავათიანი ტარიფების შეთავაზების სისტემა იმ მომხმარებელთა მიმართაც კი, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთგულ მომხმარებლად ითვლებიან.
ორგანიზაციის მონიტორიგმა ცხადყო, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ორი საჩივარი სწორედ ს.ს. „სილქნეტის“ მონოპოლიურ მდგომარეობის თაობაზე განიხილა, რომლის ავტორებიც მიუთითებდნენ, რომ კომპანია უკონკურენტო გარემოს იყენებდა მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების საზიანოდ და DSL პაკეტებზე აწესებდა შეუსაბამოდ მაღალ ფასს.
ორგანიზაცია იზიარებს პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა ერთ–ერთი ძირითადი უფლება – არჩევანის თავისუფლება, რასაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, მომხმარებელი მოკლებულია. მოქალაქეებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობა, ისარგებლონ იაფი ინტერნეტ პაკეტებით, ვინაიდან საქართველოს ეროვნულ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერნეტ მომსახურებაზე ჯერ კიდევ არ აქვთ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი. შესაბამისად, საფუძვლიანია ეჭვი, რომ აღნიშნულით სარგებლობდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები, ხოლო მომხარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი იმ კაბალური და უთანასწორო ხელშეკრულებების საგნად რჩება, რომელსაც არაერთი პრობლემური მხარე გააჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს დაჩქარდეს საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება:
- მნიშვნელოვანია, ინტერნეტ მომსახურებაზე დადგინდეს მართლზომიერი, ტარიფის ზედა ზღვარი და ამ მიმართულებით მოხდეს შესაბამისი რეგულაციების შემოღება,
- საფუძვლიანად მოხდეს ინტერნეტ ბაზრის კვლევა და მონოპოლიურ მდგომარეობაში არსებული კომპანიების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება,
- სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარდეს მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის მომსახურების შესახებ დადებულ ხელშეკრულებებს, რათა გამოირიცხოს ისეთი უპირატესობების არსებობა, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს პირდაპირ თუ ირიბად დაარღვევს,
- მოხდეს რეგისტრირებული საჩივრებისა და პრეტენზიების სრული მონიტორინგი, ეფექტური რეაგირება და დავების გონივრულ ვადებში გადაწყვეტა,
- სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესი დაეფუძნოს მესამე სექტორთან ინსტიტუციურ დიალოგს და კომისიამ უზრუნველყოს განხილვის პროცესში, საზოგადოებრივი აზრის მიღება წარდგენილი რეკომენდაციებისა და საქმიანი წინადადებების სახით.