„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საქართველოს იუსტიციის სამინისტოს საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ დადგენილი კრიტერიუმების ორგანულ კანონით დარეგულირების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქრთველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლეობის მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე კი არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე უვადოდ თანამდებობაზე. მოსამართლის შეფასება კი მოხდება ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მახასიათებლებია: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; დამოუკიდებლობა, მიუკერძებლობა და სამართლიანობა; პიროვნული და პროფესიული ქცევა; პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ფინანსური ვალდებულებები. ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლებია: სამართლის ნორმების ცოდნა; სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; წერის უნარი; ზეპირი კომუნიკაციის უნარი; პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაში; აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; პროფესიული აქტივობა.
მოსამართლის შეფასება განხორციელდება თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე. ხოლო შეფასებას განახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული ერთი მოსამართელე და ერთი არამოსამრთლე წევრი, რომლებიც 1 თვის ვადაში, ერთმანეთის პარალელურად, შეაფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში. ამასთან, სამივე შეფასება საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად ვაფასებთ აღნიშნულ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს წარდგენილი ცვლილებების პროექტი სრულად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს და წინგადადგმული ნაბიჯია მართლმსაჯულების რეფორმის გზაზე. კრიტერიუმები კანონში აუცილებელია, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსამართლეთა უვადოდ თანამდებობაზე გამწესება. საჭიროა საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდება სამართლიანად და კანონის შესაბამისად. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლე იქნება ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისერი, რაც უზუნველყოფს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ მართლმსაჯულებას, დასაბუთებულ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.