„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღებას იწყებს

24 ივლისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას სამეცნიერო ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეორე ნომერში გამოსაქვეყნებლად. ორგანიზაციამ 2014 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა. ჟურნალის პირველი ნომერი 2014 წლის მარტში გამოიცა. ამჟამად ჟურნალი არის რეფერირებადი გამოცემა და მას მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.

სამეცნიერო ჟურნალის მეორე ნომრის გამოიცემა მოხდება 2014 წლის ოქტომბერში. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 26 სექტემბერი.

მოთხოვნები სტატიისადმი:

  1. სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
  2. სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
  3. სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
  4. სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;
  5. სასურველია სტატია წარმოდგენილი იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  6. სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

  1. სტატიის სათაური;
  2. ავტორის სახელი და გვარი;
  3. სამეცნიერო ხარისხი;
  4. სტატია;
  5. გამოყენებული ლიტერატურა;
  6. რეზიუმე.

სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - Ybarristers@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბრისა ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.

სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის რედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.

ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში მოყვანილ ფაქტებზე.

ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტორნული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.

სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნით ავტორსა და სამეცნიერო ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატებს“.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მითეთებულ ნომრებზე ან/და მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე.

ტელ: (+995 32) 237 45 03              ელფოსტა: Ybarristers@gmail.com

ვაზისუბნის ქ. N7                                      (+995) 593 36 00 18



კომენტარები