ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წინადადებით მიმართავს და სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისთვის, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მიზანშეწონილობის განხილვას სთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შენარჩუნება უნდა დასაბუთდეს, ვინაიდან არსებობს მაღალი რისკი, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების პროცესში, ნაფიც-მსაჯულებმა ვერ უზრუნველყონ სათანადო დასაბუთების მქონე გადაწყვეტილების მიღება და მოხდეს მართლმსაჯულების რეალური დანიშნულების იგნორირება. ამასთან, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის მიზანშეწონილობის საკითხის დასმის დროს, მხედველობაში უნდა მივიღოთ საზოგადოების რეალური განწყობა სასამართლო სისტემის მიმართ, მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხი და შესაბამისი კომპეტენცია ვერდიქტის დასაბუთებისთვის, შესაძლო ნაფიც-მსაჯულების საქმესთან ფარული შემხებლობა, ბრალდებულთან სიახლოვე და ზეგავლენის დაშვება. ამასთან, ნაფიც-მსჯაულთა ინსტიტუტის საჭირობა, მნიშვნელოვანია, თანამედროვე ვითარებაში, დასაბუთდეს უცხოური გამოცდილებით, რადგანაც მიდგომები ცხადყოფს, რომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარობა საკმაოდ დაბალია მის შემქმნელ ქვეყნებშიც. აგრეთვე, უნდა შეფასდეს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის საჭიროებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაღებული ხარჯებიც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2010 წელს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება პოლიტიკური ნების შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ინსტიტუტის შემოღებამ ვერ უზრუნველყო მაშინდელი ხელისუფლების სურვილი, მოსახლეობაში მომხდარიყო სასამართლოს ნდობის აღდგენა, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა და ადამიანის უფლებების დაცვის რეალობის განცდა. ახალი ინსტიტუტის შემოღება „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და გამოცხადებული „დემოკრატიის ახალი ტალღის“ პირობებში მოხდა, რამაც გამორიცხა სპეციალისტებსა და საზოგადოებაში საგნობრივი დისკუსია, ინიციატივის ობიექტური შეფასება. შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თუკი სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები მაშინდელი ხელისუფლების სასამართლოზე პოლიტიკურ გავლენასთან ასოცირდებოდა, ნაფიც-მსაჯულების შემოღებით, ასეთი გადაწყვეტილებების თანამონაწილე, უკვე საზოგადოება გახდებოდა, რომელსაც, მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობით, პრეტენზიები აღარ უნდა გასჩენოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოება საკმარისად არ არის მზად, მაღალი პასუხისმგებლობის ვერდიქტი გამოიტანოს. ქვეყანაში, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის ნაცვლად, საჭიროა მართლმსაჯულების რეალური რეფორმა და სხვა პროგრესური ფორმების დანერგვა, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა. სახელმწიფომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების ნაცვლად, უნდა იზრუნოს დაცვისა და ბრალდების მხარისთვის პროცესუალური გარანტიების შექმნაზე. მართალია, ამ მიმართულებთ, მნიშვნელოვანი ინიციატივები არსებობს, მაგრამ საჭიროა სასამართლო რეფორმა განხორციელდეს სწრაფი ტემპით, სასამართლო სისტემა დაუახლოვდეს ევროპულ გამოცდილებას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მიუთითებს, რომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, პოზიცია გონივრულ ვადაში იქნეს წარმოდგენილი, ვინაიდან თუკი 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოში ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის საჭიროებას პასუხი არ გაეცა, კანონით დგება აუცილებლობა, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს ყველა დონის სასამართლოში. ამასთან, ორგანიზაცია უარყოფითად შეაფასებდა მდგომარეობას, თუკი ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედება, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან, კიდევ ორი წლის ვადით გახანგრძლივდებოდა.
ცნობისთვის: 2014 წლის ივლისის მდგომარეობით, ნაფიც-მსაჯულებმა საქართველოში, სულ 7 საქმე განიხილეს.