პროკურატურამ სისტემური დანაშაულებების დადასტურება უნდა შეძლოს

28 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში, ხელისუფლებას საზოგადოებრივი მოლოდინების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღგენა, ქვეყანაში შეუქცევადი და ხელშესახები შედეგი უნდა გახდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით,  საქართველოს სწრაფი დემოკრატიული რეფორმები სჭირდება, საზოგადოებას კი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები. მართალია, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, სამთავრობო ინიციატივებმა და ევროპული არჩევანის მიმართ ურყევმა კურსმა, მოსახლეობის ნდობა გაამყარა, თუმცა 2014 წლის 12 ივლისის შემდგომი ახალი რეალობა, საზოგადოებაში აჩენს ახალ მოლოდინებს, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებებთან, მართლმსჯულების რეალურ დამოუკიდებლობასთან და სამართლიანობის აღდგენის პროცესთან, რომელმაც ქვეყანაში, სისტემური დანაშაულებების მიუკერძოებელი შეფასება უნდა მოიტანოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს მთავარი პროკურატურის ეფექტური მუშაობის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, სამართლიანობის აღდგენა, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის დაცვა და დაზარალებული მოქალაქეების ინტერესები აღმოჩნდეს დაცული, თუკი არ იქნება სისტემური დანაშაულებები სათანადოდ გამოძიებული. არ იარსებებს მაღალი სამართლებრივი მტკიცების ტვირთი 2003–2012 წლების მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე, რომელიც სახელმწიფოს, მმართველობის წესის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, სამეწარმეო, ეკონომიკური საქმიანობისა თუ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ეხება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით არსებობს ბევრი ცნობილი საქმე, ბრალდებულია და მსჯავრდებული ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგრამ მხოლოდ ერთადერთია „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება, სადაც დადასტურდა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მოსამართლეები, ყველანი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს კომპლექსური მუშაობა სისტემური დანაშაულებების გამოსავლენად, ვინადიან ე.წ. „ცნობილი საქმეები“ ეპიზოდური ბრალდებებით გამოირჩევა, მაშინ, როდესაც დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა – პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების დათმობა, სიმბოლურ ფასად მოგებული ტენდერები, მედია ბიზნესში წილების გადანაწილება, სამოხელეო დანაშაული. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ  არასაკმარისია ის მცდელობები, რომელიც სისტემური დანაშაულებების გამოვლენისთვის დღესდღეობით არსებობს. შესაბამისად, ახალ პოლიტიკურ, სამართლებრივ, საზოგადოებრივ და მმართველობის პირობებში, აუცილებელია გაძლიერდეს ძალისხმევა სისტემური დანაშაულებების შემქმნელთა გამოვლენისა და მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ყურადღება უნდა დაეთმოს პრიორიტეტულ საკითხებზე ჭეშმარიტების დადგენას:

  1. 2003–2012 წლებში,  კანონიერი მესაკუთრეების მიმართ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონებების საქმეებზე. აგრეთვე, მესაკუთრეთა მიერ ქონების მიტოვებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქების მართლზომიერების ფაქტებზე.
  2. 2003–2012 წლებში, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში სამოხელეო დანაშაულების საქმეებზე, მათ შორის გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების საკითხით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების მეშვეობით, მაღალი თანამდებობის პირებთან სიახლოვით, საქართველოში მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
  3. 2003–2012 წლებში, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საერთასორისო ლობისტური კომპანიების საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული თანხმების საქმით. ამ მიმართულებით, საყოველთაოდ ცნობილია ამერიკული Podesta Group და Orion Strategy. არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.
  4. 2003–2012 წლებში მომხდარ გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გარემოებების დადგენის, 7 ნოემბრის, 26 მაისის, აგვისტოს ომის გამოძიებისა და თავისუფალი ტელეკომპანიების საქმიანობის შეზღუდვის საქმეებზე გადაწყვეტილებების დაჩქარება.
  5. პროკურატურამ, ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაწყებულ საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, გადადგას ეფექტური ნაბიჯები. ბუნებრივია, მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს უდანაშაულობის პრეზუმციის გამოყენება, თუმცა 10 ცნობილ საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია დაჩქარდეს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ნებისმიერ ადგილას, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, ხოლო თუკი არსებობს მაღალი მტკიცების ტვირთი – საზოგადოების გახდეს ცნობილი, მოხდება თუ არა მის მიმართ დაუსწრებელი ფორმით ბრალის წარდგენა, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ყველა საპროცესო მოქმედება შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნათა დაცვას. მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობის პროცესში გამოირიცხოს შერჩევითი სამართლის პრინციპები და ჯეროვნად მოხდეს საზოგადოების, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რათა გამოირიცხოს პოლიტიკის გავლენა სამართლებრივ მოქმედებებთან. 



კომენტარები