29 ივლისიდან „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტუდენტების დასაქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას იწყებენ

28 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 29 ივლისს, სტუდენტების დასაქმების საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მუშაობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყეს. ორგანიზაციამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ ყოფილიყო სტუდენტების შრომითი უფლებები. ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეექმნა სტუდენტთა დასაქმების ერთიანი სისტემა.

2014 წლის მაისში, ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მორიგი რეკომენდაცია გაუგზვანა და შესთავაზა, ქვეყანაში თვითმმართველი ერთეულების გაზრდილი უფლებამოსილებების პარალელურად, დაწყებულიყო მუშაობა რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების ახლებური რეგულაციების დანერგვისათვის. კერძოდ, მთავრობას განეხილა ევროპული გამოცდილება, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ, რეგიონში წარჩინებით სკოლადამთვრებულ ახალგაზრდას, თითოეული რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, სწავლის საფასურს დაუფინანსებდა, ხოლო უმაღლესი განათლების მიღებისთანავე, ახალგაზრდა აიღებდა ვალდებულებას, დაბრუნებოდა რეგიონს, გარკვეული პერიოდის მანზილზე, დასაქმებულიყო თვითმმართველ ორგანოში და ამ ფორმით, ახალგაზრდას, მიღებული ანაზღაურებით, თვითმმართველ ორგანოსთვის მისთვის გადახდილი სწავლის საფასური დაებრუნებია.  

ინიციატივა  ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი განახორციელებს. ინიციატივის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფში, ასევე ჩართულია შემოსავლების სამსახურის, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ორგანიზაცია საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტს შემოდგომაზე წარუდგენს.

 



კომენტარები