ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს სტუდენტების დასაქმების საკითხზე, საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. საკანონმდებლო ინიციატივა სხვადასხვა კანონში განსახორციელებლ ცვლილებებს შეეხება და მიზნად ისახავს, სტუდენტების დასაქმების რეგულაციისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას, დასაქმების ინსტიტუციურ განვითრებას, ახალგაზრდების დასაქმების მიმართ ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას და სახელმწიფოს ნების გამოკვეთას დამსაქმებელთა მიმართ შესაძლო შეღავათების დაწსების მიმართულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ორგანიზაციამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში, მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ ყოფილიყო სტუდენტების შრომითი უფლებები. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს შეექმნა სტუდენტთა დასაქმების ერთიანი სისტემა. 2014 წლის მაისში, ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მორიგი რეკომენდაცია გაუგზვანა და შესთავაზა, ქვეყანაში თვითმმართველი ერთეულების გაზრდილი უფლებამოსილებების პარალელურად, დაწყებულიყო მუშაობა რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების ახლებური რეგულაციების დანერგვისათვის. ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადების დასაბუთებისთვის, მოცემული პერიოდი გამოიყენა საკითხის მნიშვნელოვანი მიმართულებების კვლევითა და შესწავლით. მხედველობაში იქნა მიღებული უცხოური გამოცდილება. საკანონმდებლო წინადადების განხილვის მომდევნო ეტაპისთვის გადაწყდა სამუშაო ჯგუფის ფორმირებაც.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტური დასაქმების საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, განიხილეს საკითხები, რომელის სრულყოფისა და დასაბუთების შემდგომ, შესაძლებელია, რომელიმე მათგანი, საქართველოს სხვადასხვა საკანონდებლო აქტებში აისახოს. კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებელი პაკეტის თემები მოიცავს:
1. სტუდენტთა მიერ გაწეული შრომის საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დადგენის საკითხს,
2. სტუდენტის მიერ ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრას,
3. სტაჟირების საკითხის დარეგულირებას,
4. სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში, შესაძლებლობის გაჩენას, კერძო სექტორს შეუმციროს მოგების ან საშემოსავლო გადასახადი,
5. სახელმწიფოს მხრიდან რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების სწავლის გადასახადის უზრუნველყოფას და შემდგომ მათ დასაქმებას საკუთარ მუნიციპალიტეტებში,
6. საჯარო და კერძო სექტორში ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების შექმნას,
7. მხოლოდ ახალგაზრდების დასაქმებისათვის განკუთვნილი ელექტრონული პორტალის შექმნას,
8. კარიერის მართვის სამსახურების შემოღების უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების პროცესში, მაქსიმალურად გაითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მათი გამოცდილებისა და საკითხისადმი უშუალო შემხებლობით იქნა შერჩეული. სამუშაო ჯგუფი შედგა და დაკომპლექტდა სპეცილისტებით კერძო თუ საჯარო სექტორიდან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს პარლამენტი, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, ეკონომიკის სფეროსა და საგადასახადო სამართლის ექსპერტები.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე დაუსაბუთებელი უარი განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის 28 ივლისს მინისტრს ხელმეორედ მიმართეს და სამინისტროს წარმომადგენელის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მნიშვნელობა თავიდანვე განმარტეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა ხორციელდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით და არ არის შეზღუდული რომელიმე დონორი ორგანიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნით. სამუშაო ჯგუფის წევრობა არ არის ანაზღაურებადი. ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, საკანონმდებლო ინიციატივის დოკუმენტში, სრულად ასახოს ინიციატივის ფორმირებაში მონაწილე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრის რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ საკითხის საკანონმდებლო დონეზე ინიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გამართა და მათთვის საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება ერთიანად მისაღები აღმოჩნდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ინიციატივაზე დასრულებას 2014 წლის შემოდგომაზე გეგმავს, რის შემდგომაც, საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს წარედგინება. ინიციატივის მომზადებას, საჭირო პერიოდის მანძილზე, კოორდინირებას ორგანიზაციის იურისტი, ნინო ისაკაძე გაუწევს.