საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანის“ ავტორისა და წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ, დააკმაყოფილა. როგორც ეთიკის ქარტიის მიერ 2014 წლის 1 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო 3 პრინციპიდან, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, ორგანიზაციის მიმართ, დარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
- მუხლი პირველი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“
- მუხლი მეხუთე: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“
ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, საავტორო გადაცემის პირველ სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს დროს, იმის წარმოსაჩენად, რომ მინისტრის მიმართ, ხელისუფლების ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ანტაგონისტურ კამპანიას და ამ პროცესში, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტის მხრიდან „ახალგაზრდა ადვოკატები“ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალში დასახელდა. მეტიც, ჟურნალისტმა ორგანიზაციის მიმართ გაავრცელა ფაქტის შემცვლელი ინფორმაცია, რომ მოქმედებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „ქოლგის ქვეშ“, თუმცა ჟურნალისტს, აღნიშნული განცხადების დასასაბუთებლად, საზოგადოებისთვის არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია/წარუდგენია.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ ჟურნალისტმა, 2014 წლის 8 აპრილს, საავტორო გადაცემის ღია ეთერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს დროს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ძალოვან სახელისუფლებო სტრუქტურასთან დაკავშირების აღნიშვნვით, ასეთი განცხადება განზრახ მიაწოდა საზოგადოებას, პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, საკითხთან/მსჯელობასთან დაკავშირებით მიეღო ზუსტი ინფორმაცია. ამასთან, გადაწყვეტილებით მკაფიო ხდება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ვალდებული იყო, შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ტელეკომპანიას ორგანიზაციის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით, ოფიციალური წერილით, 2014 წლის 10 აპრილს მიმართა, თუმცა ტელეკომპანიამ გამოხმაურება არ მოამზადა. ორგანიზაციას საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის სხვა ფორმით გამოხატვის საშუალება არც მაშინ მიეცა, როდესაც ტელეკომპანია ესწრებოდა საკითხზე მომზადებულ ბრიფინგს და შემდგომი გაშუქება არ მოუხდენია.
„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ უცნობია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ რა დასაბუთებით არ გაიზიარა ჟურნალისტის ქმედებაში ქარტიის კიდევ ერთი პრინციპის მესამე პრინციპის დარღვევის გარემოება, რა დროსაც „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ქარტიამ ჟურნალისტის მოქმედებებში ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევის დადასტურება, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეძლო, რა დროსაც, ტელეკომპანიამ და ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადების უფლებას, ორგანიზაციის კავშირების თუ საქმიანობის შესახებ, გნებავთ სამინისტროსთან და მინისტრთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, მიეღო ზუსტი ინფორმაცია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გიორგი გაბუნიას მიმართ საჩივრით 2014 წლის 2 მაისს მიმართეს. ეთიკის საბჭომ საქმეზე მოსმენა 2014 წლის 26 ივლისს გამართა. სხდომას გიორგი გაბუნია ან მისი კანონიერი ინტერესების დამცველი არ ესწრებოდა. საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 1 აგვისტოს გამოცხადდა.