თბილისის საქალაქო სასამართლო „ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალურ განცხადებას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაგზავნილ სარეკომენდაციო წერილს ეხმაურება, სადაც უარყოფითად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომრის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა შემადგენლობის დადგენა მოხდა.
ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, პრობლემას უქმნის მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული დავების უმეტესობას, 2014 წლის 1 ივლისიდან, საქმეთა კატეგორიების მიხედვით, სხვა მოსამართლები განიხილავს და მოითხოვდა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეჩერებულიყო მოსამართლეების მიმდინარე საქმეებიდან ჩამოცილების პროცესი და მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისის შემდგომ რეგისტრირებული საქმეების განხილვა დაწყებულიყო ვიწრო სპეციალიზაციით, კატეგორიების მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციას შემდეგი დასაბუთებით გამოეხმაურა:
„გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებები „საქმეთა კატეგორიების მიხედვით სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა შემადგენლობების დადგენის შესახებ“ და „საქმეთა კატეგორიის მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობების დადგენის შესახებ“ ეფუძნება საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა სიმრავლის გამო და სწორედ მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით, მოვლენილ იქნა 10 მოსამართლე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიებში მოსამართლეთა დატვირთვა იყო ძალიან მაღალი (საშუალოდ თითოეულ მოსამართლეს განსახილველად წარმოებაში ჰქონდა 100-250 საქმემდე), რაც დამეთანხმებით, არანორმირებული მაჩვენებელია. სწორედ, თითოეული მოსამართლის განტვირთვის მიზნით, მათთან შეთანხმებით იქნა მიღებული ზემოაღნიშნული ბრძანებები, რომლის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების განხილვაში არსებული საქმეები, გადანაწილდა ახლად დამატებულ მოსამართლეებზე, რაც საბოლოოდ სწორედ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას უწყობს ხელს. მეტიც, მოსამართლეთა საქმეების რაოდენობის შემცირება თავისთავად გამოიწვევს, როგორც შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას, ასევე აამაღლებს და ხარისხიანს გახდის მართლმსაჯულებას და მიღებული გადაწვეტილებების დასაბუთებულობას, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ძირითად მიზანს წარმოადგენს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები, მიღებული ბრძანებების არსებობის თაობაზე, სათითაოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ კომუნიკაციას პროცესის მხარეებთან, ანუ ვერ შეატყობინებდნენ მათ მიღებული ბრძანების არსებობის თაობაზე, თუმცა თანამშრომელთა მხრიდან მიღებული იქნა ყველა ზომა, რომ მხარეთათვის ცნობილი ყოფილიყო ბრძანებების არსებობის თაობაზე და მაქსიმალურად იქნა თავიდან აცილებული საქმეთა გადანაწილების გამო დანიშნული პროცესების გადადება. ბრძანება ასევე გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე“ - ნათქვამია გამოხმაურებაში, რომელსაც ხელს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახლედიანი აწერს.
ცნობისთვის: 2014 წლის 18 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სპეციალურ ბრიფინგზე უარყოფოითად შეაფასეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებები და მათ ნაწილობრივ საკამათო უწოდეს. ორგანიზაციამ აღნიშნა., რომ იქნება მაღალი რისკი, განხილვის პროცესში არსებული საქმეები იმ მაღალი სამოსამართლო შინაგანი რწმენით არ დასაბუთდეს, რომელიც მოსამართლეს საქმის განხილვის ყველა სტადიაზე, მხარეთა შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების აღნიშნვით, ექმნება. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, პრობლემას უქმნის მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული დავების უმეტესობას, 2014 წლის 1 ივლისიდან, საქმეთა კატეგორიების მიხედვით, სხვა მოსამართლები განიხილავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილების დროს, გასათვალისწინებელი გარემოებები უნდა ყოფილიყო მხარეთა ინტერესი, კანონიერი ნდობა საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ და მოსამართლის შინაგანი რწმენის საკითხი. ბევრი საქმე უკვე განხილვის ბოლო სტადიაზეა ან/და ახლა მიმდინარეობს მხარეთათვის მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილებით კი, პროცესის მონაწილე მხარეები, იძულებულია, ახალი ძალისხმევა მოანდომონ საქმის განმხილველ ახალ მოსამართლეებთან დავის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წარმოჩენას და დასაბუთებას.
მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ განხორციელებული ცვლილების შესახებ, პროცესის მონაწილე მხარეებთან, დროულად არ უზრუნველყო ჯეროვანი კომუნიკაცია. მეტიც, სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებები თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე 2014 წლის 17 ივლისს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რა დროსაც ორგანიზაციამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით შეცვლილი მოსამართლეების თაობაზე შეტყობინება მიიღო, დაინტერესდა საკითხით და აწამოა კომუნიკაცია სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებთან.