„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით თბილისის ახალ მერს მიმართავს

7 აგვისტო, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავს და დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისკენ გადაწყვეტილებების მიღებას გონივრულ ვადაში მოითხოვს. ორგანიზაციამ საკითხები შესწავლისა და ანალიზის შედეგად წამოადგინა და თბილისის ახალ მთავრობას, შემდგომი გაცნობისა და რეაგირების მიზნით, უკვე გადაუგზავნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნინო ისაკაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერიამ ყურადღება დაუთმოს წლების მანძილზე პრობლემად ქცეულ და მოუწესრიგებელ საკითხებს, რომლის მოგვარებაც, მერიის წინა ადმინისტრაციამ, ვერ შეძლო. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას მიმართავს და მოითხოვს:

  1. დაიწყოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება და მომზადდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც თბილისის განაშენიანების ახალ პრინციპებს განსაზღვრავს,
  2. სწრაფი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული თბილისში მიმდინარე მშენებლობების სანებართვო პოლიტიკის მიმართულებით, შეიცვალოს და გამკაცრდეს არსებული წესი, რათა ახალი მშენებლობები დაექვემდებაროს სამსენებლო სფეროში აღიარებულ სტანდარტს,
  3. გადაიხედოს დედაქალაქის მოქმედი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არ პასუხობს რელურ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს,
  4. გადაიხედოს თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის დადებული ხელშეკრულება, მომზადდეს ანალიზი არსებული ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ, დადგინდეს ტენდერის გამჭვირვალობის საკითხი, რომლითაც შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ მიეცა ექსკლუზიური უფლებამოსილება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში;
  5. გადაიხედოს და გასაჯაროვდეს თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK-ს შორის დადებული ხელშეკრულება, ანალიზის საფუძველზე, მოხდეს კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება,
  6. ამოქმედდეს ახალი რეგულაციები დედაქალაქში ლიფტების მომსახურებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს „ლიფტების საქმიდან“ მიღებული შემოსავლების მართლზომიერების საკითხის დადგენას. თბილისის მერიამ შემოიტანოს ლიფტით მგზვარობის გადახდის ახალი საბარათე სისტემა, რომელიც აპრობირებულია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებით.
  7. თბილისის მერიამ შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დისკრიმინაციისა და პოლიტიკური ნიშნით, 2003-2014 წლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს და ყველა შემთხვევის ხასიათიდან მიმართ, მოხდება რეაგირება.
  8. თბილისის მერიამ უნდა შეისწავლოს წინა ადმინისტრაციის დროს დაშვებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა - „ბაღების საქმე“, რომლის ძალითაც, 2007 წელს, დედაქალაქის ბაღების ოპტიმიზაციის სახელით, საგანმანათლებლო სისტემიდან არაერთი კვალიფიციური თანამშრომელი გაუშვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნულ თემებზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციას გაუზიაროს. ორგანიზაცია არჩეულ მერთან და თბილისის თვითმმართელობასთან ინსტიტუციური დიალოგის დაწყების წინადადებითაც გამოდის.



კომენტარები