ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს მთავრობას მიმართავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში „გრიფით საიდუმლო“ საქმეები გადაიხედოს და ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია გამოიყენებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის უფლებამოსილებას და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ქალაქ თბილისის ახალ მერს, კითხვით მიმართავს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე. კანონის თანახმად, ინფორმაციისათვის საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცული იქნეს ის ინფორმაცია, რომლიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ხოლო სახელმწიფო ორგანოები, ვალდებული არიან ყოველწლიურად გადასინჯონ მონაცემები ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ინფორმაციის საიდუმლოობის აუცილებლობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ქვეყანაში შეცვლილი ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, შესაძლებლობას ტოვებს, წინა ხელისუფლების დროს საიდუმლოდ მიჩნეული დოკუმენტებთან დაკავშირებით, საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, მათთან დაკავშირებული „გრიფით საიდუმლო“ კანონის მოთხოვნებიდან თუ პირადი, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ხელისუფლებამ უკვე გამოხატა ნება, დაეკმაყოფილებინა საზოგადოების მაღალი ინტერესი და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნა სახელმწიფოსა და ბიზნესმენ ბადრო პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებას, აგრეთვე ტელეკომპანია „იმედის“ გასხვისების საქმეს. „გრიფით საიდუმლო“ მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საკითხსაც, თუმცა 2003-2012 წლებში, არაერთ ცნობილ ფაქტი აღმოჩნდა სახელმწიფო საიდუმლოების ქვეშ - „ფოტორეპორტიორების საქმე“, ვახტანგ მაისაიას საქმე, სპეცოპერაცია „ენვერის“ საქმე, ყოფილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან განკარგული თანხების საქმე, საქართველო-თურქეთს შორის შეთანხმებას ბათუმში მუსილიმანური სამლოცველოების შესაძლო მშენებლობის საქმე და სხვა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე მიმართავს „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტების გასაჯაროების საკითხით, თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიასაც მიმართავს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვარაუდობენ, რომ 2004-2014 წლებში, თბილისის მერიამ არაერთ დოკუმენტს საიდუმლო გრიფი ფინანსური დარღვევების დასაფარად დაადო. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ხელშეკრულებებს კომპანიებთან „სი თი პარკთან“ და „თბილისის მიკროავტობუსთან“. ამასთან, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც 2004-2014 წლებში, დედაქალაქის ყოფილი მთავრობის პერიოდში, საიდუმლო დოკუმენტად ჩაითვალა და დადგინდეს მათი საიდუმლოდ მიჩნევის რეალური საფუძვლები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, რომ საიდუმლო გრიფი, მხოლოდ იმ ინფორმაციას უნდა ჰქონდეს დადებული, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. ორგანიზაცია ხელისუფლებას, ყველა იმ დოკუმენტის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელზეც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს და საიდუმლო გრიფი პირადი მიზნებისთვის და არა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვისაა გამოყენებული. მიგვაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტების გასაჯაროება, ხალხასა და ხელისუფლებას შორის, ინსტიტუციურ დიალოგს კიდევ უფრო გააძლიერებს.