სახელმწიფო ანტიკონსტიტუციური ქმედებების აღმოფხვრისათვის უმკაცრესი უნდა იყოს

11 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი სიცხადე არსებობდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის საგაზეთო ინტერვიუდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, გარკვეული სამოქალაქო წრე, საქართველოში, შემოდგომაზე, სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, შეთქმულებას და დესტაბილიზაციას ამზადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადმფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ სისხლისსამართლებრივი კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როდის მოხდა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყება და რა საზოგადოებრივი სტატუსით მოქმედებს დასახელებული 500 ადამიანი, რომელსაც, მინისტრის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არეულობისთვის ამზადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს სამოქალაქო ჯგუფებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა, მათი საქმიანობის ოპოზიციური მიზნების გამოყენებისათვის. ორგანიზაცია აფასებს სამოქალაქო ჩართულობას, თუმცა დაუშვებელია, სამოქალაქო შეხედულებების ფორმირება კანონის უზენაესობის დარღვევით განხორციელდეს. თუკი არსებობს რომელიმე ჯგუფის მიმართ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩაბმის დავალება და განხორციელების სურვილი, აუცილებელია საჯარო გახდეს ასეთი მოქმედებებისთვის მტკიცებულებები. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს შსს, რათა შეძლოს საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ, შესაძლო დანაშაულის პრევენცია და საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამჭვირვალობა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. სამართლებრივი კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საქმეზე გამოძიება, შესაძლებელია, აღნიშნული კვალიფიკაციით მიმდინარეობდეს. 



კომენტარები