ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტ „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ დასრულების ვადა გაახანგრძლივა, რითაც შესაძლებელი გახდება მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ. პროექტის საკონკურსო პირობის თანახმად, 15-21 სექტემბრის შუალედში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომები თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“. წარმატებული ნაშრომები გამოიცემა სპეციალურ ბროშურად, ხოლო გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. როგორც ახალციხეში, ასევე მარნეულში, 24-25 სექტემბრის შუალედში, დაგეგმილია პროექტის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოვება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ცენტრებს უკვე მიმართეს და საჯარო სკოლების მეტი ჩართულობისთვის დახმარება სთხოვეს. პროექტის პირველი ეტაპი ივლისში დასრულდა, როდესაც ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედგა ინიციატივის პრეზენტაცია, მომზადდა საჯარო ლექცია, გამოცხადდა საუკეთესო ნაშრომების კონკურსი და ადგილობრივი ახალგაზრდების თანამონაწილეობით, მუნიციპალიტეტის ქუჩებში გაიმართა სამოქალაქო კამპანია - მოსახლეობაში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, უფასოდ გავრცელდა სპეციალური გაზეთი: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“.
პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსენტრებმა.
პროექტი 5 მაისს დაიწყო და 29 სექტემბერს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, 1 ივლისს, ახალციხეში მომზადდა, 3 ივლისს კი – მარნეულის მუნიციპალიტეტში. ინიციატივა სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება.