20 ორგანიზაცია მთავრობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე მიმართავს

16 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, საკითხზე: „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები“, მრგვალი მაგიდა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრაზე 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა და საქართველოს მთავრობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართა.

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის პროცესში, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მოვალეობა აკისრიათ. შესაბამისად, მესამე სექტორის მხრიდან შესაძლო არეულობაში მონაწილეობა, პირდაპირ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს. შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება მმართებს, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხზე, მიიღოს კანონით ნებადართული პრევენცია და განახორციელოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირეული დებულებების დაცვისთვის მოქმედებები“ - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განცხადებაში ყურადღება, მიმდინარე სამოქალაქო, სამართლებრივ, პოლიტიკურ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსაც დაუთმეს. „მივმართავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა, მათი საქმიანობის ოპოზიციური მიზნების გამოყენებისათვის. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა, თუმცა დაუშვებელია, სამოქალაქო შეხედულებების ფორმირება კანონის უზენაესობის დარღვევით განხორციელდეს. მივიჩნევთ, რომ თუკი არსებობს რომელიმე ჯგუფის მიმართ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩაბმის დავალება და განხორციელების სურვილი, აუცილებელია საჯარო გახდეს ასეთი მოქმედებებისთვის მტკიცებულებები“- ნათქვამია განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი ხელს შეუწყობს ობიექტურად შეფასდეს არსებული გამოწვევები და მდგომარეობა. დაუშვებელია, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი საქმიანობა გამოყენებულ იქნეს ისეთი მიზანმიმართული ქმედებებისთვის, რომელიც საზოგადოებრივ სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც, შეხვედრაზე ფართოდ წარმოჩნდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფოს ვალდებულებები, უსაფრთხოების კონსტიტუციური გარანტიები, შეფასდა სტაბილურობის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე, სამოქალაქო სექტორმა იმსჯელა საკუთარ როლზე მიმდინარე პროცესებში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან დაკავშირებით, ფართო დიალოგის ინიციატივით გამოდის, რათა საზოგადოებამ თავად შეაფასოს მოვლენები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მნიშვნელობას ეხება. 



კომენტარები