„ახალგაზრდა ადვოკატები“ გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლის შესახებ კანონის მიღებას მიესალმება

18 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის თანახმადაც საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად გამოცხადდა. საკითხზე მრავალწლიანი მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა. მიღებულ იქნა კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ". შესაბამისად, კანონში შესული ცვლილებებით, საქართველოში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებით შექმნილი თესლი ქვეყანაში კონტროლის გარეშე აღარ შემოვა. ახალი რეგულაციებით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ინტროდუქცია უკვე დახურულ სივრცეში მოხდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ კანონის მიღება ევროკომისიის ზოგადი მიდგომის გათვალისწინებით განხორციელდა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სწრაფად მოახდენს რეგულირების ერთიანი პრინციპების განხორციელებას და საკითხთან მიმართებით, მოხდება სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ცნობისთვის, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ პროექტთან ერთად, პარლამენტმა მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევაზე, მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე, პასუხისმგებლობა დაწესდება.



კომენტარები