მურმან დუმბაძის მოქმედებები სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ატარებს

19 სექტემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, აჭარის რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრის, მურმან დუმბაძის ჩარევას კონსტიტუციური პრინციპების დარღვევად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ მურმან დუმბაძის მოქმედებებში სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არსებობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აჭარის რეგიონში განვითარებული პოლიტიკური პროცესი სამართლებრივი კუთხით უნდა შეფასდეს. მურმან დუმბაძის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს გარემოებაზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე, უშუალოდ ერევა და იღებს გადაწყვეტილებებს ავტონომიის კონსტიტუციით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებზე. სახეზეა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის მცდელობები, პოლიტიკური გავლენა იქონიოს რეგიონის სახელისუფლებო შტოებზე, რაც არც ერთი სამართლებრივი პასუხისმგებლობით არ არის ნებადართული. მიუღებელია, რეგიონის საჯარო და საკადრო პოლიტიკას საქართველოს პარლამენტის წევრი განსაზღვრავდეს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არსებობს საკმარისი სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი არგუმენტაცია, მურმან დუმბაძემ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დატოვოს ან/და ამოქმედდეს შესაბამისი რეგულაცია, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულებით, მურმან დუმბაძის განცხადებები, სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ატარებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიცია - საქართველოს პარლამენტში არ აღმოჩდებიან აჭარის ე.წ. მოღალატე დეპუტაცია, რომელიც მხარს დაუჭრეს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტას, ასეთი ფაქტის შემთხვევაში კი, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაიშლება - წარმოადგენს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იძულებას. მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადებები, სამართლებრივი შეხედულებით, ფრაქციის წევრების მიმართ მუქარად უნდა შეფასდეს. თუკი მურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო აჭარის უმაღლესს საბჭოში მმართველი პოლიტიკური ფრაქცია დაიშალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოზე პოლიტიკური გავლენა მოიპოვა, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ფრაქციის შექმნისა თუ დაშლის საკითხი, ცალსახად აჭარის უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების შიდა პრეროგატივაა. ორგანიზაციის შეფასებით, მურმან დუმბაძის განცხადებებსა და ქმედებებში აშკარად იკვეთება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, იძულებისა და მუქარის ნიშნები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

 ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, იმსჯელოს აჭარის საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატ მურმან დუმბაძის ქცევის გამო. 



კომენტარები