ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არსებული ქონების მიმართ ყადაღის დადების ფაქტს ეხმაურება და გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული რისკების შეფასებით ხსნის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი მოსაზრებებით დასაბუთებულია, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღების საკითხი, განხილულ უნდა იქნეს საკუთრების გასხვისების შესაძლებლობით, რითაც დასაშვებია, განსაკუთრებული მატერიალური ზიანი მიეღო სახელმწიფოს. ორგანიზაცია სასამართლო დასაბუთებას კანონთან შესაბამისობით ხსნის, ვინაიდან ყადაღის გამოყენება სააპელაციო ინსტანციამ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებით, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461. 34 ლარის გაფლანგვით. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან მაღალი ფინანსური ზარალის შესაძლო გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, არ მომხდარიყო ქონების განკარგვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გაუგებარია, რატომ იწვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი დისკუსიას, რომლის საფუძველზეც, სასამართლომ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას.
ორგანიზაციის შეფასებით, იმისთვის, რომ ქონება დაყადაღდეს, უნდა იყოს პირდაპირი კავშირი დადგენილ ჩადენილ დანაშაულსა და დასაყადაღებელ ქონებას შორის, ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, ან ეს ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან რაიმე ტიპის შემხებლობა უნდა დადგინდეს ქონებასა და დანაშაულს შორის. ჩანს, არსებობდა „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ ამ ქონებას გაასახვისებდნენ ან გადამალავდნენ. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამისთვის უნდა არსებობდეს „მონაცემები“. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სასამართლომ განმარტოს, „დასაბუთებული ვარდაუდი“, რამდენად ნიშნავს მონაცემს. „მონაცემების“ ცნებაში ნაგულისხმევია თუ არა საჭირო მტკიცებულებები, თუმცა ქონებაზე ყადაღის დადება, რეალურად წარმოადგენს შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებას და საქმის მასალებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების გაფლანგვასთან, მის არამიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებასაც, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ბრალი წარდგენილია გაფლანგვის მუხლით და არა მითვისებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ როდესაც დგას ქონებრივი ხასიათის დავა, ბრალდების მხარეს კანონიერი უფლება გააჩნია, მოითხოვოს ქონების დაყადაღება. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში, გაფლანგვა და მითვისება ერთი მუხლია და გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, თუკი საუბარია ქვეყნის ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანზე, მნიშვნელობას კარგავს, ეს მითვისებით მოხდა თუ გაფლანგვით. დანაშაულისთვის კანონი ერთიან პასუხისმგებლობას ადგენს.
ორგანიზაცია ყურადღებით დაუთმობს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომ ანალიზს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოირიცხოს პოლიტიკური დევნის ნიშნები და ხელისუფლების ყველა შტო იცავდეს კანონის უზენაესობის პრინციპს.