,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სამოქალაქო სარჩელს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მიმართ, მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიცილაურ გვერდზე: www.info.court.ge გამოქვეყნდა.
ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წევრისგან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას მოითხოვს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიმართ სარჩელი, 2014 წლის 29 სექტემბერს შეიტანეს.
,,ახლგაზრდა ადვოკატებსა“ და პარლამენტარ მურმან დუმბაძეს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიცე-სპიკერმა ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ აჭარის რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ შესაძლო გავლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ეს „ახალგაზრდა ადვოკატები“ არიან დაქირავებულები. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“.
ორგანიზაციის შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს და ადგილი აქვს საჯარო პირის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალწარმოების მიზანია, მსგავსი ტიპის საქმეებზე შეიქმნას სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მესამე სექტორის მიმართ, გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას.