მონიტორინგის სისტემა პარლამენტის დაქვემდებარებაში უნდა იყოს

1 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან მიმართებით, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნას სავალდებულოდ მიიჩნევს, რომელიც პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს, გაცილებით საიმედოს გახდის. მონიტორინგის სტრუქტურა ანგარიშვალდებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წინაშე და გააჩნდეს შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით, რეაგირების მექანიზმი. ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, იქნება ეს ფარული მოსმენა-მიყურადებისას ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის შემოღება თუ ე.წ. „ერთგასაღებიანი“ სისტემის მოდელი.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხი, კვლავ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს, რომელსაც მძიმე მემკვიდრეობა გააჩნია. სახელმწიფომ საჭიროა შექმნას სწორი მექანიზმი, რათა ყოველგვარი ეჭვი საზოგადოებაში, ფარულ მოსმენებთან მიმართებით, მინიმუმანდე შემცირდეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირადი ცხოვრების შელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვა, დაცული აღმოჩნდეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები საკანონდებლო დონეზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან დაკავშირებით, სტატისტიკურ ინფორმაციასაც აქვეყნებს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლიდან 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით, დარეგისტრირდა საქართველოს პროკურატურის 3224 შუამდგომლობა. აქედან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 2972 შუამდგომლობა, ხოლო პროკურატურის 252 შუამდგომლობას სასამართლოს მხრიდან ეთქვა უარი. შევნიშნავთ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების აღრიცხვიანობის ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლიდან დაიწყო, აღნიშნული გარემოება კი შესაძლებელია მიუთითებდეს იმ მდგომარეობაზე, რომ 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში, სასამართლოს მხრიდან სტატისტიკური მონაცემების შექმნას პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ჰქონია.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ფარული მოსმენების განხორციელებაზე სასამართლო ნებართვის სტატისტიკა მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტატისტიკური მონაცემი 2010 წლიდან გასცა. კერძოდ, სასამართლოს მხრიდან ფარული მოსმენების განხორციელებაზე ნებართვა გაცემულ იქნა:

  • 2010 წელს - 694 შუამდგომლობაზე;
  • 2011 წელს - 462 შუამდგომლობაზე;
  • 2012 წელს - 304 შუამდგომლობაზე;
  • 2013 წელს - 56 შუამდგომლობაზე;
  • 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 50 შუამდგომლობაზე.


კომენტარები