თავისუფალი ჟურნალისტის ცემა თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა

1 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს და შემთხვევას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური გარანტიებითაა დაცული. თავდასხმა ჟურნალისტზე, რომლის მოტივიც პიროვნების პროფესიული საქმიანობაა, ცალსახად კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ჟურნალისტის ცემის ფაქტი არ ემსახურება საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დაცვას, პლურალიზმს და განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის უფლებას. შესაძლებელია, რომელიმე ჟურნალისტი, გამოცემა ან სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელი იყოს, მაგრამ საზოგადოებამ და სამოქალაქო ჯგუფებმა პატივი უნდა სცეს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას, საჯარო კრიტიკას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ და ჟურნალისტის უფლებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველად მოხდა შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტი სცემეს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს საშიშ ტენდენციაზე, როდესაც სამოქალაქო სექტორი ცდება საკუთარი როლის განხორციელებას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ნაცვლად, ადგილი აქვს ანგარიშსწორების ნიშნებს, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებას გამოწვევის წინაშე აყენებს.

ორგანიზაცია ცალსახად მიუთითებს, რომ ის რაც გუშინ მოხდა, დაუშვებელია. სახელმწიფოს ვალია ჟურნალისტებზე და ნებისმიერ მოქალაქეზე ზეწოლის ყველა ფაქტი მყისიერად გამოიძიოს. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც დარბეულ იქნა ტელეკომპანია „იმედი“. ასევე „ფოტორეპორტიორების საქმე“, სხვა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც მოქალაქეების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა. დღეს ქართული მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია, რაც საზოგადოების 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ  მონაპოვრად შეიძლება მივიჩნიოთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ ჟურნალისტის ცემის ფაქტი და კანონის შესაბამისად განხორციელდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, მოვუწოდებთ მედიას, იყოს სოლიდარული ჟურნალისტის ცემის ფაქტთან მიმართებით.

 



კომენტარები