ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როლანდ ბლადაძის მიმართ განხორციელებული ცალკეული სამართლებრივი მოქმედებები ტოვებს ღია დასკვნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დევნას, მისი სამოქალაქო უფლებების უხეშ დარღვევას, რაც საბოლოო ჯამში, დასრულდა მისი იძულებით, დაეტოვებინა საქართველო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის მიხედვით, საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ და მოკვლევამ ცხადყო, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე, იმთავითვე უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით იყო შედგენილი. ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს.
2004 წელს, როლანდ ბლადაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა საკმარისი მტკიცებულებების გარეშე დაიწყო, რაც დადასტურდა კიდეც 2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, თუმცა აჭარის ყოფილი საჯარო მოხელის ბრალდების სახით მიცემას, დღევანდელი შეფასებით, გააჩნდა შემდგომი მოქმედებების განხორციელების მიზანი - პოლიტიკური გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, რომლის მიხედვითაც, როლანდ ბლადაძის ქონება გამოცხადდა დაუსაბუთებლად და უკანონოდ, დაიწყო მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი.
2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება მთლიანად ცვლის მანამდე არსებულ ყველა გარემოებას და შესაბამისად, დგება 2004 წლის 10 სექტემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხიც. კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა კანონდარღვევების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველს.
ამასთან, მთავარი შეკითხვა, რომელიც არსებულმა ახლადგამოვლენილმა და ახლადაღმოჩენილმა გარემოებებმა მოიტანა, უკავშირდება სამართლებრივ ურთიერთობებში გიორგი პაპუაშვილის კეთილსინდისიერების საკითხს. ფაქტია, გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოსგან იმ ვითარებაში მიიღო, როდესაც საქმეზე სასამართლოებში მიმდინარეობდა არაერთი დავა და როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველები მოითხოვდნენ უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ბათუმი, ერას ქუჩა #37 გამოსახლების შეჩერებას, ასაბუთებდნენ როლანდ ბლადაძის მიერ ქონების შეძენის კანონიერ საშუალებებს და სახელმწიფო პრეზიდენტის, პარლამენტის, სასამართლოს ინსტიტუტების სახით, ოჯახის მხრიდან, ინფორმირებული იყო სადაოდ გამხდარი ქონების შესახებ, თუმცა 2007 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ყურადღების მიღმა დატოვა მოქალაქისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებლად როლანდ ბლადაძის სახლში გადასულიყო.
ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2014 წლის თებერვლიდან დაიწყეს.