„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

2 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტით მიმართავს და აჭარაში, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, სამართლებრივი მოქმედებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქონებაჩამორთმეულთა საკითხის მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუციებს - საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, საერთო სასამართლოებს, პროკურატურას, მათ ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებსაც მიმართავს და 2004-2012 წლებში, საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, სისტემურ შეფასებას და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს:

  1. მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური შეფასება მისცეს 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ქმედებას ქონების დათმობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი სივრცის გაჩენა, რომელიც მიმართული იქნება საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებებებისკენ, ყოფილი და მოქმედი კეთილსინდისიერი მესაკუთრეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისკენ;
  2. მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა სადაოდ მიჩნეულ ქონებებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოაცხადოს მორატორიუმი, რითაც უკანონოდ შეძენილი ქონების მფლობელთა მხრიდან შეჩერდება მათი გასხვისების პროცესი;
  3. მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური შეფასება მისცეს წინამორბედის მიერ 2007 წლის 6 ივნისის მიღებულ #285 განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ და აჭარის ყოფილი მთავრობის წევრებსა და აჭარის ყოფილ მეთაურთან დაახლოებულ პირებს ჩამოერთვათ საკუთრება.
  4. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ დააჩქაროს სამართლებრივი მოქმედებები ქონებაჩამორთმეული მოქალაქეების მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილებების დადგომისთვის. ქონებაჩამორთმეული მოქალაქეების მიმართ გამოყენებული იქნეს „რეპრესიების მსხვერპლის“ სტატუსი;
  5. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ შექმნას სამართლებრივი სივრცე და 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, მოქალაქეები, რომლებსაც საკუთრება იძულებით და უკანონოთ დაათმობინეს, მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. მოხდეს აღნიშნული საქმეების სამართლებრივი კვალიფიკაცია;
  6. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს მოქმედებები მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მიმართულებით, რომელიც გააჩენს სამართლებრივ მექანიზმს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, დაზრალებული მოქალაქეების ინტერესების განხორციელებისთვის და გადაჭრის უკანონო/დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებებით გამოწვეული უფლებადარღვევის ფაქტების არსებულ სინამდვილეს.
  7. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა აღმოფხვრას საკანონმდებლო ხარვეზი, მიიღოს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის პრეცედენტული გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოებში საქმის განხილვის დასაშვებობის ხანდაზმულობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით;
  8. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის პრეცედენტული გადაწყვეტილებასთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რითაც უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას და კანონმდებლობის ჰარმონიზაციას.
  9. მნიშვნელოვანია, საქართველოს საერთო სასამართლოებმა გაითვალისწინონ ქონებაჩამორთმეულთა კანონიერი ინტერესები, საქმესთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივი გარემოებები, შეცვალონ სტრატეგია და დააკმაყოფილონ დაზარალებულთა სასარჩელო მოთხოვნები ჩამორთმეული უძრავი საკუთრების მიმართ ყადაღის გამოყენების თაობაზე;
  10. მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს 2013 წლის 5 ნოემბერს მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილების განვრცობაზე და საქართეველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს რეკომენდაციით, ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოებში საქმის განხილვის დასაშვებობის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს 5 წელზე მეტი ვადით.
  11. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებთან იქონიოს ჯეროვანი კონტაქტი, რათა არსებობდეს სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, ეტაპების, შემაფერხებელი გარემოებებისა და დასრულების გონივრული ვადების თაობაზე;
  12. მნიშვნელოვანია, ქონებაჩამორთმეულთა საქმეების გამოძიების პროცესში საპროკურორო უფლებამოსილება განახორციელონ პირებმა, რომლებსაც წარსულში, ნებსით და უნებლიეთ, შემხებლობა არ გააჩნდანთ სისტემური დანაშაულებების პროცესთან.
  13. მნიშვნელოვანია, ქონებაჩამორთმეულმა მოქალაქეებმა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მიმართონ საერთო სასამართლოებს, რათა დაყადაღდეს მათთვის წართმეული ქონება და გამოძიების დასრულებამდე, არ მოხდეს აღნიშნული ქონებების გასხვისება, გადამალვა ან გაფლანგვა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ როლანდ ბლადაძის საქმის ისტორიას დაუთმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. ამჟამად, მის სახლში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2014 წლის თებერვლიდან დაიწყეს. კვლევა უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.  

 



კომენტარები