ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, უპასუხოდ ტოვებს 12 საჯარო შეკითხვას, რომელიც აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობის სამართლებრივ და ფაქტობრივი გარემოებების საკითხებს ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მონიტორინგის მომზადების პროცესში, 2013 წლის ივნისში მიმართეს. ორგანიზაციის მხრიდან დასმული საკითხები ეხებოდა საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ გარემოებებს:
- გაგაჩნდათ თუ არა ინფორმაცია როლანდ ბლადაძის შესახებ, კერძოდ, იმ ბრალდებისა და სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომელსაც მას სახელმწიფო ბრალდების მხარე ედავებოდა? რა ინფორმაციას ფლობდით იმ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით თქვენ გადმოგეცათ?
- როგორია თქვენი პოზიცია – მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დგას თუ არა თქვენს წინაშე სამართლებრივი დილემის საკითხი – რამდენად მართლზომიერია ფლობდეთ და ცხოვრობდეთ საკუთრებაში, რომლის ყოფილ კეთილსინდისიერ მხარეს გაქარწყლებული აქვს პოლიტიკური ნიშნით წაყენებული ბრალდება?
- როგორია თქვენი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმეული ქონების მიღებაზე? თუკი თქვენი კოლეგები, მაღალი პროფესიული ბიოგრაფიით გამორჩეული მოსამართლეები უარს ამბობენ ჩამორთმეული ქონების ფლობაზე, რამდენად გამართლებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება – ცხოვრობდეს როლანდ ბლადაძის ყოფილ საკუთრებაში, რომელსაც დღეს არავითარი ბრალდება არ დაუმტკიცდა.
- როგორ ფიქრობთ, როლანდ ბლადაძის მიმართ, აჭარის 2004 წლის რევოლუციის შემდგომ, ჰქონდა თუ არა ადგილი შერჩევით მართლმსჯულებას. მოხდა თუ არა პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ დევნა, როგორც აჭარის ყოფილი მეთაურის გუნდის წევრისა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი კადრის მიმართ? სხვა შემთხვევაში, რით ახსნით, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ?
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, როლანდ ბლადაძის საქმეზე გაჩენილი კითხვები, რომელიც თქვენ სადაოდ გამხდარ უძრავ ქონებასთან პირდაპირ თუ ირიბად გაკავშირებთ, იქონიებს თუ არა გავლენას მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებლობის ხარისხზე? არსებული ისტორია, რამდენად კავშირშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობასთან და მიუკერძოებლობასთან, რადგანაც თქვენ ბრძანდებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პირი.
- როგორია თქვენი პოზიცია, როლანდ ბლადაძის საქმეში არსებულ კიდევ ერთ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის მხარეც თქვენ ბრძანდებით. კერძოდ, რამდენად კანონიერად მოხდა როლანდ ბლადაძის კუთვნილი დამხმარე ნაგებობების მისაკუთრება, კერძოდ, სამეურნეო სათავსო, ავტოფარეხი ფართი 36,63 კვ.მ. და სადარბაზოს 13.0 კვ.მ-სა და მანსარდაზე მიშენებული 59.31 კვ.მ. - სულ - 62.31 კვ.მ?
- როგორ აფასებთ, რამდენად კანონიერი და მართლზომიერი მოქმედება განახორციელეთ, როდესაც თქვენს საკუთრებაში აღმოჩნდა როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხი, როდესაც უძრავი ქონება როლანდ ბლადაძის საკუთრებაში ირიცხებოდა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ავტოფარეხის ჩამორთმევა არ მომხდარა. სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში ავტოფარეხის ჩამორთმევა ნახსენები არ არის.
- თქვენ ბრძანდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც კანონი და უფლებამოსილება მაღალ პასუხისმგებლობას და სტანდარტს აკისრებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი ხედვა და პოზიცია – როგორ აფასებთ 2003–2012 წლების ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში, მოქალაქეებისთვის, საქმიანი სფეროს წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფებისთვის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს?
- როგორ აფასებთ, სახელმწიფოს მხრიდან სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკას?
- როგორ აფასებთ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელიც, ერთი მოსაზრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო?
- როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი, როგორ აფასებთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით? კერძოდ, გადაწყვეტილებებს, რომლის მხარედ თქვენ ხართ ჩართული?
- როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სამართლის სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა აღმოიფხვრას საკითხი და მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ქონება, რომლებსაც სახელმწიფომ უკანონდ ჩამოართვა და სხვა პირებს გადასცა?
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასმული საკითხების განხილვა, არ განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
ცნობისთვის: ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. შესაბამისად, კვლევა სრულად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მხარეს, რომელიც საქართველოში, 2003-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეების თვალსაჩინო გაგრძელებას წარმოადგენს.
ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2014 წლის თებერვლიდან დაიწყეს. კვლევა უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.