ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს.
საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. კერძოდ, განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს.
მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ორგანოები, შეთანხმებულნი აღმოჩდნენ, ემოქმედათ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარაში საჯარო მოხელეების გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი.
ისტორიას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. შესაბამისად, კვლევა სრულად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მხარეს, რომელიც საქართველოში, 2003-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეების თვალსაჩინო გაგრძელებას წარმოადგენს.
საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. ამიტომაც, როლანდ ბლადაძე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ დავას განაგრძობს და არ გამორიცხავს საქმისწარმოების გაგრძელებას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.
ორგანიზაციის მიერ აღნიშნული საქმის საფუძვლიანმა შესწავლამ, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, მკაფიო გახდა გარემოებები, რომლის იგნორირებამაც, დაარღვია მოქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მოქალაქის დაცვის და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ნაცვლად, შექმნეს ყველანაირი პირობა, რათა საქმეზე კანონის უზენაესობა პოლიტიკის ავტორთა სუბიექტური გადაწყვეტილებებით შეცვლილიყო.
ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2014 წლის თებერვლიდან დაიწყეს. მონიტორინგი მკითხველს დეტალურად წარმოუდგენს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მხარეს, მათ შორის ისტორიას, რომელიც გადმოსცემს საქმეში ყველა თანამონაწილე თანამდებობის პირის სადღეისო სტატუსს და თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის პოზიციას.