თბილისის საქალაქო სასამართლო, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, საქმის განხილვას 2014 წლის 12 ნოემბერს, 16:00 საათზე განაახლებს. საქმეზე პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინეს. სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზამ რაზედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თანხმობა განაცხადა. მოსარჩელის შუამდგომლობით, სასამართლომ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც, ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თამარ ჩერგოლეიშვილთან მორიგების პირობებზე კომუნიკაცია გამართა.
საბოლოოდ, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ მორიგების შესაძლებლობაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, წარმოადგენდა შეფასებით კატეგორიას. ადვოკატის განცხადებით, „თამარ ჩერგოლეიშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელს თავისუფალი მედიასა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს“. ასეთ შეფასებას, არჩილ კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ „უნდა დადგინდეს თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებების კონტექსტი, სადაც ზოგიერთი წარმოთქმული ფრაზა შეფასებაა, ზოგიერთი კი მამხილებელი და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი.“
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოქმედება ემსახურება იმას, რომ სამოქალაქო უფლება სასამართლო წესით დაიცვას, გამოხატვის თავისუფლების მიმართ ზემოქმედება კი არა, მსგავსი ტიპის დავებზე პრეცედენტების შექმნის სურვილია. „მე ვიქნები პირველი, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილს გვედრით დავუდგები, თუკი საკუთარ მედია-საქმიანობას, უსაფუძვლოდ, რაიმე დაემუქრა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოსგან მოითხოვენ, რათა თამარ ჩერგოლეიშვილს, დაეკისროს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, კერძოდ:
- ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერით, გადაცემა "კურიერში", 2014 წლის 5 თებერვალს, 21:23 წუთიდან გასულ სიჟეტში მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: "რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება, წამოწყებული ქართული ოცნების აქტივისტების, იგივე "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ..." მოპასუხემ, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერითვე, გადაცემა "კურიერში", უარყოს ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.
- 2014 წლის 30 იანვარს, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილმა უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადება: "დაფრთხდნენ ოცნების აქტივისტები..." მოპასუხემ უარყოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელეზე, დავის ფარგლებში, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის პირველი ოფიციალური პოზიცია უკვე ცნობილია. 2014 წლის 20 ივნისს, „ტაბულას“ დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შესაგებელი სარჩელი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას არ აპირებს. მოპასუხე მხარე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს შეეხება და იგი საჯარო დისკუსიის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, სარჩელი 7 მაისს შეიტანეს. თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“ – მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს. ორგანიზაციის ინტერესებს, სასამართლო სხდომაზე, სადამფუძნებლო საბჭო დაიცავს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და სამოქალაქო დავას მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს.