„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს, გაზარდოს ხანდაზმულობის ვადები

8 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს პარლამენტის პოზიციას, წარმოდგენილ იქნეს საკანონმდებლო ინიციატივა სამოქალაქო კანონმდებლობაში, ახლადგამოვლენილი გარემოებების მიმართ ხანდაზმულობის ვადების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ამ მიმართულებით დაწყებული აქტიური მუშაობა, გონივრულ ვადებში უნდა დაასრულოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების დროს, საქმის განახლების დაწყება რეალური გამოსავალი იქნება, მათ შორის ქონებაჩამორთმეულთა საქმეების მიმართ რელური გადაწყვეტილებებისთვის. საკითხი განსაკუთრებულ დანიშნულებას იძენს დღევანდელ რეალობაში, როდესაც 2012 წლის  1 ოქტომბერს საპარალამენტო არჩევნების შემდგომ, საქართველოში შეიცვალა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა და საქართველოს პროკურატურას მიმართა არაერთმა მოქალაქემ, 2004–2012 წლებში, პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან უკანონოდ ჩამორთმეული, მიტაცებული თუ იძულებით დათმობილი უძრავი ქონებების დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელი.

ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეებს, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობა 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ მიეცათ, სერიოზული დაბრკოლებების წინაშე ამყოფებთ, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლიდან, ახლად აღმოჩენილი გარემოების აღმოჩენისას, გასულია 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც, დაზარალებულებს არ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, ვინაიდან სასამართლო მათ განცხადებებს დაუშვებლად ცნობს ხანდაზმულობის საფუძვლით.

,,ახლგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქონების უკანონოდ ჩამორთმეულთა საქმეებზე ერთ-ერთი გამოსავალი არის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა, რაც საშუალება მისცემს საზოგადოებას,  დაიბრუნოს უკანონდ ჩამორთმეული ქონება და აღიდგინონ დარღვეული უფლებები. ორგანიზაციის განმარტებით, ახლადაღმოჩენილი გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ  დაწესებული ხანდაზმულობის ოპტიმალური ვადა იქნებოდა 10 წელი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს საკანონმდებლო ნორმის ახალი რედაქციის მომზადებასთან დაკავშირებით, წინადადებით 2014 წლის ივნისში მიმართეს. საქართველოს პარლამენტი ორგანიზაციის მიმართვას ოქტომბერში გამოეხმაურა, მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აჭარაში, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის საქმეზე, რომლის სახლშიც, ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს, კვლევა წარმოადგინეს. საქართველოს პარლამენტის წერილში ნათქვამია, რომ „იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობას საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის დახვეწის მიზნით, რაც უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ინიციატივაში აისახება“.



კომენტარები