ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა და საქმეზე მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა მომზადდა სადისკუსიო ფორმატში და ნაჩვენები იქნა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ მომზადებული სპეციალური ფილმი. მოგვიანებით, ორგანიზაციის წევრებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, კვლევა მოსახლეობაში უფასოდ გაავრცელეს. ამასთან, შეუერთდნენ ქონებაჩამორთმეულის ოჯახის წევრების მდუმარე აქციას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ ბინასთან, სახელწოდებით: „დამიბრუნე ჩემი ქონება“ - გაიმართა.
ორგანიზაცია მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. კერძოდ, განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. ისტორიას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. შესაბამისად, კვლევა სრულად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ მხარეს, რომელიც საქართველოში, 2003-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეების თვალსაჩინო გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ორგანოები, შეთანხმებულნი აღმოჩდნენ, ემოქმედათ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარაში საჯარო მოხელეების გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი.
ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.