სასამართლომ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, ყალბი სერტიფიკატების არსებობა დაადასტურა

18 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სასამართლო პროცესი მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 17/04/2013 წელს გაცემული N129202 აქტი, რომლითაც ნინო ქუმსიაშვილს უარი ეთქვა სახელობო-საგანმანათლებლო სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაევალა  ხელახლა მოახდინოს ნინო ქუმსიაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და კონკრეტული შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა, თავისი შინაარსით, ცდება სამართლებრივ მსჯელობას და საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პერიოდში სტუდენტებისთვის ყალბი სერტიფიკატების გაცემის ფაქტს.

საქმე ეხება დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შაშკინის ხელმოწერით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის გაცემულ სწავლის დასრულების დამამტკიცებელ სერტიფიკატებს. თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2008–2009 წლებში, კურსდამთავრებულებისთვის ყალბ სერტიფიკატებს, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, სასწავლებელს არც სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა და არც უფლებამოსილება – სერტიფიკატები გაეცა. ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა სერტიფიკატები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით და სამინისტროს კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირება, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოუხდენია.

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან სერტიფიკატის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა. ნინო ქუმსიაშვილმა თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2010 წელს დაამთავრა და სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი განათლების მაშინდელი მისნიტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით მიიღო. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელთან გაურკვევლობა წარმოიშვა, მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებდა დაშვებულ შეცდომას, თუმცა მას საკითხზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული სერტიფიკატები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. სამინისტრომ არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და სერტიფიკატის აღიარებაზე უარი განაცხადა.

სასამართლომ საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ სასარჩელო მოთხოვნები კანინიერად სცნო. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ნინო ონიანი. უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი. 



კომენტარები