62 უმაღლესს სასწავლებელში, სტუდენტის სტატუსი 42,395 ათასმა სტუდენტმა შეიჩერა

21 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხის მიმართ, საზოგადოებაში არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გთვალისწინებით, კომლექსური მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს, რაც გულისხმობს ერთიანი ბაზის შექმნას, რომელშიც საქართველოში არსებული აკრედიტირებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ყოველი სემესტრის დასაწყისში განათავსებენ თავიანთ სასწავლებლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობას და მიუთითებენ სტატუსის შეჩერების მიზეზს.

ორგანიზაცია სთავაზობს სამინისტროს, შეიქმნას ახალი მიდგომები და კრიტერიუმები, როდესაც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაში დაეხმაროს, თუმცა ეს არ უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის, არამედ, მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის განკუთვნილი, ვისაც ნამდვილად ესაჭიროება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სწავლის საფასურის დასაფარავად და მიუხედავად კარგი აკადემიური მოსწრებისა ვერ ახერხებს გადახდას. 

„ახალგარზდა ადვოკატების“ იურისტ ნინო ისაკაძის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 62 უმაღლეს სასწავლებლის მონაცემების საფუძველზე, დაფიქსირებულია 42,395 ათასი სტუდენტი, რომელსაც ერთხელ მაინც შეუჩერებელია სტუდენტის სტატუსი, ხოლო 16 პროფესიული სასწავლებლის მიხედვით, ეს სტატისტიკა შეადგენს 192 სტუდენტს.

ორგანიზაციამ 2014 წლის 30 სექტემბერს მიმართა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს რომელ უმაღლესს და პროფესიულ სასწავლებლებში, რამდენ სტუდენტს აჰქონდა შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, რა წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზსა და საფუძველს და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავდა სამინისტრო იმისთვის, რომ შეჩერებული სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს დახმარებოდა. მოწოდებული სტატისტიკის მიუხედავად, სამინისტროსგან უცნობი დარჩა ინფორმაცია, თუ რა მიზეზის გამო გააჩნდათ სტუდენტებს სტატუსი შეჩერებული. ოფიციალურ წერილში მხოლოდ საუბარია კანონის ნორმის განმარტებაზე, თუ რა ვითარებაში ხდება სტუდენტის სტატუსის შეჩერება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლის 17 ოქტომბერს დაესწრო მინისტრთან გამართულ შეხვედრას, სადაც საკითხზე გაკეთდა შემდეგი სახის განმარტება, რომ ფინანსური დავალიანების გამო, დღეის მდგომარეობით, სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც, ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული. არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს სათანადო კრედიტები და დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. ასევე, 11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში დიდი წილი გვხვდება 10, 20, 30 და 100 ლარის დავალიანების მქონე სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში, შეგნებულად იჩერებენ სტუდენტის სტატუსს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი შეიჩერა მხოლოდ 137 სტუდენტმა.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, თუკი 2012 წელს, სტუდენტის სტატუსი 3543-მა სტუდენტმა, 2013 წელს - 10 329, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს 10 000-მდე სტუდენტს, ამ მიდგომით, დაახლოებით 18,558 სტუდენტის სტატუსი ისევ შეჩერებული აქვს. ამ მონაცემში, კვლავ უცნობია, რამდენი რჩება ისეთი სოციალური მდგომარეობის, რომელიც სტატუსს ფინანსური უქონლობის გამო ვერ იღდგენს. ამიტომაც, სახელმწიფოს სერიოზული მუშაობა მართებს, რათა სრულფასოვანი სტატისტიკა აწარმოოს და სტატუსის შეჩერების კონკრეტული გარემოებების დიფერენციაცია მოახდინოს, რათა პრობლემის გადაჭრის გზები მკაფიო და პრაგმატული გახდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებს სტატისტიკას 10 უმაღლესი სასწავლებლის მიხედვით, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენ სტუდენტს, ერთხელ მაინც შეუწყვეტია სტუდენტის სტატუსი:

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8075;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 5472;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5039;
  4. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 4872;
  5. სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) – 2366;
  6. საქართველოს უნივერსიტეტი - 1627;
  7. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1194;
  8. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1095;
  9. კავკასიის უნივერსიტეტი - 1108;
  10. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 919.


კომენტარები