ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში ტოტალიზატორების საქმიანობის კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლას სთხოვს და ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქმის განხილვას, რომელიც ეხება საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე, თურქეთის მოქალაქის ალიჯან თაიფუნის შემთხვევას. ალიჯან თაიფუნმა, 2014 წლის 27 მაისს, შპს "სუპერბეთი 2014"-ის კუთვნილ ტოტალიზატორ "კრისტალბეთში", გათამაშების შედეგად, მოიგო 45 680.59 ათასი ლარი. კომპანიამ მოგებული ბილეთის სრულ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ მოგებული თანხის ნაწილი – 10.000 ლარი გასცა, ხოლო დარჩენილ 35 680. 59 ათასი ლარის ანაზღაურებაზე, სხვადასხვა მიზეზით, უარი განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი, რომელიც ალიჯან თაიფუნის კანონიერი ინტერესების დაცვას, საქართველოს სასამართლოებში განახორციელებს, მიუთითებს, რომ კომპანიის პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან ალიჯან თაიფუნმა, თამაშის დროს, ზედმიწევნით შეასრულა ყველა მოქმედება, რომელიც დადებული ფსონის შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო. მოქალაქე ფლობს ქართულ ენას და წლების მანძილზე, ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ მომხმარებელია, მაგრამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, კომპანიამ საკითხის მიმართ სრული გულგრილობა გამოიჩინა, ალიჯან თაიფუნი ეთნიკური ნიშნით გამოარჩია და გონივრული ვადები, რომელიც მორიგების შესაძლებლობებს ეხებოდა, არ მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ალიჯან თაიფუნმა წერილობითი ფორმით მოითხოვა დოკუმენტური მასალა, რომელიც ტოტალიზატორში შეძენილი ბილეთის შემდგომი მოქმედებების დადასტურებას ეხებოდა (ვიდეო ფირი, ბილეთის გამცემის იდენტიფიცირება, ბილეთის გამცემთან დიალოგის შინაარსი), თუმცა კომპანიამ არც მოთხოვნილი ინფორმაცია გასცა და არც შესაბამისი კომუნიკაცია აწარმოა მხარესთან. მათი არაოფიციალური პოზიციით, მოგების პროცედურა შეთანხმებული არ იყო ადმინისტრაციასთან, შპს "სუპერბეთი 2014"-ის ხელმძღვანელობამ კი, საქმისწარმოების პროცესში, „ახალგაზრდა ადვოკატები“ არაკომპეტენტურობასა და ალიჯან თაიფუნის გააქტიურებაში დაადანაშაულა.
ორგანიზაციის შეფასებით, რომ კომპანიის მოქმედება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია. ადგილი აქვს ვალდებულების შეუსრულებლობას და უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას, ხოლო ალიჯან თაიფუნს მოგებული თანხის ნაწილიც – 35 680. 59 ლარის ოდენობით, კანონიერად ეკუთვნის. ორგანიზაცია მოითხოვს საქმეში მესამე პირად ჩაერთოს შპს "ოვერტაიმი", რომელიც კომპანია "სუპერბეთი 2014"-ის რეგლამენტის თანახმად, მოგებული თანხის გაცემაზე პასუხისმგებელია კომპანიაა. ამასთან, ალიჯან თაიფუნის ინტერესების დამცველები მომგებიანი ბილეთის გამცემის მოწმის სახით დაკითხვასაც მოითხოვენ, რომლის ვინაობასაც, ამ დრომდე, კომპანია არ ასაჯაროებს.
ალიჯან თაიფუნის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2014 წლის 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს. ორგანიზაცია სასამართლო პროცესის მონიტორინგისთვის, მიმართავს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ალიჯან თაიფუნის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი დაიცავს.