„ახალგარზდა ადვოკატები“ ,,სილქნეტის საქმეზე“ მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს აფასებს

28 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ორგანიზაციის იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით: თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და აუცილებელია ფაქტთან დაკავშირებით სამართალწარმოება იყოს გამჭირვალე და მიუმხრობელი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ე.წ ,,სილქნეტის საქმსთან„ დაკავშირებით ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული კორუფციულ ნიშნებსაც ატარებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვებს სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და საჭიროებს, მინისტრის მხრიდან პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს. ორგანიზაცია 2013 წლიდან სწავლობს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს და საჯაროდ მიუთითებდა, რომ საჯარო უწყებაში სახელმწიფო ტენდერების განხორციელების პროცესი საჭიროებდა შესაბამისი უწყებების მონიტორინგს. ამასთან, ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გააკეთა კომპანია ,,სილქნეტის“ კეთილსინდისიერების საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების საქმეში, გამოძიება დაინტერესდეს, რა ურთიერთსასარგებლო გარიგება არსებობდა დაკავებულებსა და კომპანიას შორის სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმცია, თუმცა დანაშაულის სიმძიმე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროს პირველი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, პოლიტიკური ცვლილებების  შემდგომ, ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული დაკავება  რეზონანსულია და სამთავრობო პოლიტიკას გამოწვევის წინაშე აყენებს.



კომენტარები