დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში, „სილქნეტთან“ ნათესაური კავშირები იკვეთება

30 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასაჯაროებს მიღებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე ახალ გარემოებებს წარმოშობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა და კომპანია „სილქნეტის“ უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელთა ნათესაური კავშირების არსებობის შესახებ. კერძოდ, კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილს, ფაქტობრივად, ოჯახის წევრს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კომპანიაში, 2012 წლიდან, სწორედ ბაჩო ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს საჯარო დაწესებულებებთან კომერციული გარიგებების სფეროს. ორგანიზაციისთვის უცნობია, თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულმა ნათესავურმა კავშირმა კომპანია „სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების დროს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშანვს, რომ გამოძიებას მოუწევს დააგდინოს, თუ რა როლი ითამაშა ამ ნათესავურმა კავშირმა და ხომ არ იკვეთება თავდავცის სამინისტროს მაღალჩინოსნის კერძო ინტერესები კომპანია „სილქნეტთან“ დადებულ ხელშეკრულებაში. ე.წ ,,სილქნეტის საქმსთან“ დაკავშირებით, ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული კორუფციულ ნიშნებს ატარებს.

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვებს სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და საჭიროებს, მინისტრის მხრიდან პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისტემურ კორუფციულ მოქმედებებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ყველა საჯარო მოხელის, რომელიც საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება, დაკავშირებულ პირად გამოკვეთს და დაასაბუთებს. 



კომენტარები